ქართული ოცნების დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ექსტრემისტულ ჯგუფებს, ვინც ქართული ოცნების ხელისუფლებას ებრძვის მათ მორალი მხარს არ უმაგრებს.

"მე, მაგალითად, ჩემად ვიტყვი, სხვის ნაცვლად რომ არ ვისაუბრო, მე, როგორც პოლიტიკაში გარკვეული, პატარა გამოცდილების მქონე ადამიანს ძალიან მეცინება პოლიტიკური ბრძოლის იმ მეთოდებზე, იმ უჭკუო სტრატეგიებზე, თუ ამას სტრატეგია შეიძლება დაერქვას, რასაც ვხედავთ ქუჩაში ან ქუჩის მიღმა ჩვენი ხელისუფლების დასამარცხებლად. ცოტა მეტი ჭკუა, დაფიქრებაა საჭირო, იმიტომ, რომ დღეს იმ ექსტრემისტულ ჯგუფებს, ვინც ქართული ოცნების ხელისუფლებას ებრძვის არც მორალი უმაგრებს მხარს იმიტომ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში თუ შემოდიხარ, მართალი უნდა იყო, სიმართლისთვის უნდა იბრძოდე," — განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ "ქვეყნის შიგნით წყდება დღეს არჩევნების ბედი და არა რომელიმე საელჩოში".

"არამხოლოდ ტელევიზიით არ მოიგება არჩევნები, არამედ ხალხთან ურთიერთობით და თუ გაქვს მხარდაჭერა. დადგება არჩევნების დღე და მერე არ უნდა მიხვდნენ, რომ ელჩი ფიშერი არ იძლევა ამ ქვეყანაში ხმას, ხმას იძლევა ქართველი გლეხი, ქართველის სტუდენტი, სრულწლოვანი, ქართველი პროფესიონალი, დიასახლისი, ვინც ზრდის ახალგაზრდა თაობას. ამიტომ მათ იმუშაონ ჯობია, ქვეყნის შიგნით წყდება დღეს არჩევნების ბედი და არა რომელიმე საელჩოში," — განაცხადა წულუკიანმა.

დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე ლევან გაჩეჩილაძე იკითხება. თეა წულუკიანმა მისი წარდგენისას თქვა, რომ ის ისტორიული ფრაზის "მიშა მოვდივარის" ავტორია და დასძინა, რომ თავის დროზე საპრეზიდენტო არჩევნებში მისი ამომრჩეველი იყო.

"რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს, მაგრამ კოლეგები თუ არ გამიბრაზდებიან, კითხვა მინდა დავსვა, ოღონდ სტაჟიორების მიმართა, სანამ ბატონი ლევანი [გაჩეჩილაძე] შემოსასვლელად მოემზადება.

ჩვენი სტაჟიორები სერიოზული ხალხია, რაკი პარლამენტში მოინდომეს სტაჟირება, ალბათ, პოლიტიკაც აინტერესებთ, თორემ სხვა უწყებაში მოისურვებდნენ სტაჟირებას. ზოგი ჟურნალისტიკას სწავლობს, ზოგი სამართალმცოდნეობას ეუფლება, საერთაშორისო სამართალს, ეკონომიკას და ა.შ. ვის ეკუთვნის გამოთქმა "მიშა მოვდივარ", რომელმა იცით?!

ხელი აწიეთ, ნუ მოგერიდებათ. ვინ იცით, ვის ეკუთვნის გამოთქმა "მიშა მოვდივარ"...
არ ვიცით, ამაში სამარცხვინო არაფერი არ არის, მაგრამ უნივერსიტეტებში უახლესი ისტორია, ალბათ, უკეთესად უნდა ვასწავლოთ იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული გამოთქმა და ამ გამოთქმის ავტორს მოვუსმენთ ახლა, ჩვენ და უკვე აქედან რომ წახვალთ, ისტორიის გაკვეთილიც მიღებული გექნება ყველას ერთად," — განაცხადა წულუკიანმა.