მეცნიერებმა ყვავილის მტვრის მარცვლების შესწავლით დაადგინეს, რომ ყვავილები დედამიწაზე მინიმუმ 123 მილიონი წელია არსებობს. ეს 2 მილიონი წლით მეტია იმაზე, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.

ყვავილოვანი მცენარეები (ფარულთესლოვნები) დღეს უკვე იმდენადაა გავრცელებული, რომ ბოტანიკის ბევრი არმცოდნე მათ მცენარეების სინონიმად აღიქვამს. წიწვოვანები შორეული ჩრდილოეთის ტყეებში კვლავ დომინირებს და პლანეტის ყველაზე მაღალ ხეებსაც სწორედ ისინი ქმნის. ამისდა მიუხედავად, არაყვავილოვანი მცენარეები დღეს უმეტესად მხოლოდ ხავსებითა და გვიმრებითაა წარმოდგენილი, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ყვავილოვანი მცენარეების ჩრდილში ცხოვრობს.

მეორე მხრივ კი, ფარულთესლოვნები მცენარეების ხმელეთზე გავრცელებიდან დიდი ხნის შემდეგ გაჩნდა. მტვრის განვითარებამ — რომელმაც მრავალი ახალი ტერიტორიის დაპყრობის შესაძლებლობები შექმნა — ყველაფერი შეცვალა. მიუხედავად ამისა, ასეთ მნიშვნელოვან ინოვაციასაც კი ფართოდ გავრცელებისთვის დიდი დრო სჭირდებოდა — მილიონობით წელი გავიდა, სანამ ფარულთესლოვნები იმდენად არ გამრავლდა, რომ ნამარხებში გამოჩნდა.

ახლანდელი პორტუგალიის დანალექი ქანების შესწავლით მტვრის ნაწილაკები გამოვლინდა, რომელთა დიამეტრი სულ რაღაც 0,02 მილიმეტრია. მათგან უძველესი 123 მილიონი წლის ქანში აღმოჩნდა. ძუძუმწოვრების მსგავსად, ეს მარცვლები შესაბამისი განათების პირობებში თავადაც ასხივებს. სწორედ ასე იპოვეს მეცნიერებმა ისინი. ნიმუშებზე კონფოკალური ლაზერული სკანირების მიკროსკოპის დასხივებისას მტვრის ოთხი უმცირესი მარცვალი განათდა. ეს ერთმანეთისგან 27 კილომეტრით დაშორებულ ორ სხვადასხვა ადგილიდან აღებულ ნიმუშებში მოხდა.

123 მილიონი წლის წინანდელი ტრიკოლპატური მტვრის მარცვალი. იგი პორტუგალიაში ცარცული პერიოდის დანალექ ქანებში აღმოაჩინეს. ეს მარცვალი დღესდღეობით ყვავილოვანი მცენარის არსებობის უძველეს მტკიცებულებად მიიჩნევა.

ფოტო: Julia Gravendyck

დამატებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ თითოეული მტვრის მარცვლის გარე კედელზე სამი მცირე ღარი იყო — ეს ტრიკოლპატური მტვრისთვის დამახასიათებელი ნიშანია, რომელსაც დღეს 70%-ზე მეტი ყვავილოვანი მცენარე იყენებს. ვარაუდობენ, რომ ეს მარცვლები მდინარეში ჩაცვივდა და დინებამ ისინი ზღვაში ჩაიტანა. იმავე ფენაში აღმოჩენილ ზღვის ნიჟარებზე ჩატარებულმა სტრონციუმის იზოტოპურმა ანალიზმა — რომელიც ნამარხთა დათარიღების ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ მეთოდად ითვლება — მარცვლების ასაკი დაადასტურა.

მანამდე აღმოჩენილი უძველესი მტვრის მარცვალი 1990 წელს უაიტის კუნძულზე (ინგლისის სამხრეთი სანაპირო) იპოვეს. მისი ასაკი დაახლოებით 120,4 მილიონ წელს შეადგენს. ის პორტუგალიაში აღმოჩენილ მარცვლებზე კიდევ უფრო პატარა იყო. აღსანიშნავია, რომ ეს მარცვალი ახალაღმოჩენილებს ვიზუალურადაც ძალიან ჰგავს. ასევე სხვა მტვრის მარცვლებიც არსებობს, რომელთაც მსგავსი სიზუსტით ვერ ათარიღებენ, მაგრამ შეიძლება იმავე ასაკის აღმოჩნდეს.

ჯერჯერობით უცნობია, ეს რეგიონი მართლაც ყვავილოვანი მცენარეების წარმოშობის ადგილი იყო თუ ისინი სხვაგან კიდევ უფრო ადრე გაჩნდა.

როგორც კვლევის ავტორები განმარტავენ, ყვავილოვანი მცენარეების გამოჩენამ ბიომრავალფეროვნებაზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. მეორე მხრივ, ზუსტად სად და როდის დაიწყო ეს განვითარება, დღემდე უცნობია — ეს იდუმალებაა, რომელსაც თავად დარვინი "საზარელ საიდუმლოს" უწოდებდა.

დარვინს ეს საიდუმლო "საზარლად" იმიტომ მიაჩნდა, რომ ნამარხებში ყვავილოვანი მცენარეები არარსებობიდან თითქოს სრულიად უეცრად გაჩნდა, ძალიან მალე კი — დომინირება დაიწყო. მიუხედავად ამისა, იმ რამდენიმე კლდოვან ფენას, რომელიც მათ არარსებობასა და გაბატონებას შორისაა, სინამდვილეში მილიონობით წელი აშორებს — შესაძლოა, ამან დარვინი შეცდომაში შეიყვანა — იმ დროს ხომ ეს არავინ იცოდა.

ჩვენ იმ მცენარეზეც ძალიან ცოტა ვიცით, რომელმაც ინოვაცია წამოიწყო — თუმცა აშკარაა, რომ დასაწყისში ცოტა მათგანი არსებობდა. ამ მტვრის მარცვლების წარმოშობაზე პასუხისმგებელი ევდიკოტები იყო — ეს ყვავილოვან მცენარეთა ჯგუფია, რომელთაც აღმოცენებისას ორი ნაყოფის ფოთოლი (სათესლე ფოთოლი) აქვს.

პორტუგალია ადრეულ ცარცულ პერიოდში, ისევე როგორც დღეს, შუა განედებში მდებარეობდა. აქედან გამომდინარე, ჰიპოთეზა, რომ ფარულთესლოვნები პირველად ტროპიკებში გაჩნდა, ეჭვქვეშ დგება.

კვლევა გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.