Amazon-მა საწყობში სამუშაოდ ახალი რობოტი შექმნა — შესაძლოა, მან მილიონობით ადამიანი ჩაანაცვლოს

ფოტო: Live Science
კომპანია ამაზონმა ახალი რობოტი შექმნა. მას შეხების უნარი აქვს, რაც საშუალებას აძლევს, საწყობში პროდუქტი აიღოს და დააწყოს. მისი სახელია ვულკანი. ელექტრონული კომერციული გიგანტის განცხადებით, რობოტი ზუსტად განსაზღვრავს, რა წნევაა საჭირო სხვადასხვა ზომის ფორმისა და სიმკვრივის ნივთების ასაღებად და გადასაადგილებლად.
"ვულკანი რობოტიკის სფეროში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია", — განაცხადა აარონ პარნესმა, ამაზონის პრაქტიკული მეცნიერების დირექტორმა — "ის გარემოს მხოლოდ კი არ უყურებს, არამედ გრძნობს. ისეთი შესაძლებლობები აქვს, რომლებიც აქამდე ამაზონის სხვა რობოტებს არ ჰქონდა".
ადამიანის მსგავსი შეხების მგრძნობელობის მისაღწევად, ვულკანი სპეციალურ ჯოხს იყენებს. ის ნივთის ამომცნობი კამერითაა აღჭურვილი. ვულკანი ჯოხის მეშვეობით საწყობის სათავსო ყუთებს სწვდება, გადააადგილებს ნივთებს და სასურველს პოულობს. ის ორნაწილიანი რობოტული მკლავის ბოლოში მდებარეობს.
ჯოხზე მიმაგრებულია ჯამისებრი საწოვარი (suction cup), რომელიც დამჭერს ნივთებს აწვდის. იმისთვის, რომ მომდევნო მოქმედებები წარსულის საფუძველზე გაუმჯობესდეს, მონაცემები ხელოვნური ინტელექტის სისტემაში შეაქვთ. ვულკანს ასევე შეუძლია, ადამიანის დახმარება ითხოვოს. ამას მაშინ აკეთებს, როდესაც გრძნობს, რომ რამის აღებას ვერ მოახერხებს. რობოტი ამაზონის შემსრულებელ ცენტრებში ამერიკასა და გერმანიაში უკვე მუშაობს.

ფოტო: Amazon
Boston Dynamics, Fetch Robotics და RightHand Robotics რობოტის შექმნისას სერიოზულ სირთულეებს აწყდებოდა. აარონ პარნესის თქმით, მთავარი წინაღობა ადამიანის მსგავსი შეხების მგრძნობელობის შექმნა იყო. რობოტი ვერ საზღვრავს ნივთების გამძლეობას. ზოგიერთ მათგანზე ძლიერ ზეწოლას ახდენს, რაც პროდუქტს აზიანებს, ზოგჯერ კი სუსტად ეჭიდება და ვერ იღებს.
ბოლო 12 წლის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო ამაზონმა თავის საწყობებში 750 000 რობოტი გამოიყენა. ეს რიცხვი დაახლოებით მილიონამდე დასაქმებულ ადამიანს უდრის.
Amazon-ის განცხადებით, ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, რობოტი საწყობში მომუშავე თანამშრომლების ფიზიკურ დატვირთვასაც შეამცირებს. მათ ნივთების ასაღებად კიბეზე ასვლა ან დახრა აღარ დასჭირდებათ. კომპანია ასევე ამტკიცებს, რომ საწყობებში ვულკანის მასშტაბური გამოყენება ადამიანებისთვის ახალი ტიპის სამუშაო ადგილებს შექმნის. მათ შორის რობოტების მართვა და გადამოწმება, სწორად ასრულებენ თუ არა ისინი სამუშაოს.
Amazon-ს ვულკანისა და მისი რობოტული მუშახელისთვის კიდევ ერთი მიზანი აქვს. მათ ადამიანურ შრომაზე დამოკიდებულება უნდა შეამცირონ. როგორც Business Insider-ის მიერ მოპოვებულმა შიდა დოკუმენტმა აჩვენა, ამაზონის მიზანი "მომდევნო ათი წლის განმავლობაში დასაქმების ზრდის ტემპის შენელებაა". კომპანიას ასე ყოველწლიურად 10 მილიარდი დოლარის დაეზოგება.
კომენტარები