ხალხის ძალის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას ეხმაურება.

მისი თქმით, "მარკო რუბიომ ჯო უილსონს, მისთვის სასარგებლოსა და უსარგებლოს შორის, შუაში დაუდო პასუხი, განსახილველია, მაგრამ ჯერ არ განგვიხილავსო".

"მარკო რუბიომ ჯო უილსონს, მისთვის სასარგებლოსა და უსარგებლოს შორის, შუაში დაუდო პასუხი, განსახილველია, მაგრამ ჯერ არ განგვიხილავსო. თანაც დასძინა, შესაძლოა ჩვენს ინტერესში არც იყოსო. როგორც ჩანს, მას არც "მეგობარი აქტი" აქვს განხილული. ან არ აქვს განხილული ან არ სურდა ყველა კარტის გახსნა და უილსონისთვის "უსარგებლო" პასუხის გაცემა. როგორც ჩანს, "მეგობარი აქტის" ავტორებთანაც არ სურს ახალ ადმინისტრაციას დავა სხვადასხვა საკითხზე. დაახლოებით ეგ სცენა იყო — "ყუფარაძემ დარეკაო".

არც ის მგონია რეალობა, რომ საკითხი მისთვის ძალიან უცხო იყოს. თუკი აზერბაიჯანზე აქვს ნაფიქრი და პასუხიც მოძებნა, საქართველოზეც ექნება ინფორმაცია და შესაძლოა პასუხიც აქვს, მაგრამ ჩათვალა, რომ ადრეა გამომზეურება.

მოკლედ, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. "ცისფერი მთები" რომ დაუჯერებელი ამბავია, ეს კიდევ ბევრჯერ შეგვახსენებს თავს, თუნდაც ოკეანის გაღმიდან", — წერს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ 21 მაისს, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ქართული ოცნების მთავრობა "ანტიამერიკული მთავრობის" კონტექსტში მოიხსენია.