25 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა. იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება — ამის შესახებ Reuters იუწყება.

შეგახსენებთ, 24 აპრილს ტრამპმა რუსეთის მიერ კიევზე თავდასხმას Truth Social-ში გამოეხმაურა, რომელშიც ვლადიმერ პუტინს მიმართავს, რომ გააჩეროს თავდასხმა უკრაინაზე.

"მე არ ვარ კმაყოფილი რუსეთის დარტყმებით კიევზე. არასაჭიროა და ამისთვის ძალიან ცუდი დროა. ვლადიმირ, გაჩერდი! კვირაში 5 000 ადამიანი კვდება. მოდით, დავასრულოთ სამშვიდობო შეთანხმება!" — წერს ტრამპი.

24 აპრილს რუსეთმა უკრაინაზე 70 რაკეტითა და 155 დრონით იერიში მიიტანა. სხვადასხვა მონაცემებით დაღუპულია 8-დან 10-მდე ადამიანი, დაჭრილია 70 მშვიდობიანი მაცხოვრებელი, მათ შორის რამდენიმე ბავშვი.

მიუხედავად ამ განცხადებისა ტრამპმა იმავე დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია.

"უახლოესი რამდენიმე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამჟამად შეხვედრები იმართება. ვფიქრობ, შეთანხმებას მივაღწევთ [...] მგონია, რომ ამას ვუახლოვდებით," — თქვა ტრამპმა.