"ჩვენი პირველი დიქტატურა სკოლაა!" — ტაილანდში მოსწავლეებმა ცვლილებებს მიაღწიეს

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

2025 წლის 5 მარტს, ტაილანდის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 1975 წლიდან მოქმედი განათლების სამინისტროს დადგენილება არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოსწავლეთა მასობრივი პროტესტი.

მკაცრი წესები

ბანგკოკში ჯერ კიდევ ადრიანი დილა იდგა, როცა ერთნაირ ფორმებში ჩაცმული მოსწავლეები ერთნაირი ვარცხნილობებით, ტაილანდის დედაქალაქის ერთ-ერთი სკოლის დროშასთან რიგში ჩადგნენ.

3,600 მოსწავლეს შორის, მერვე კლასელი ხაო კლონგიც იდგა, როდესაც მასწავლებლები რიგებს შორის გადიოდნენ და მოსწავლეთა გარეგნობას ამოწმებდნენ. ერთ-ერთმა მასწავლებელმა მასზე მიუთითა, რომ ზედმეტად გრძელი ვარცხნილობა ჰქონდა — ბიჭს აიძულეს, ყველას თვალწინ გამოსულიყო და თმა ნაწილობრივ გადაპარსეს. მასწავლებელმა განგებ დაუმთავრებელი დაუტოვა ვარცხნილობა, რომ მთელი დღის განმავლობაში სკოლაში ასე ყოფილიყო.

"შერცხვენისა და გარიყვის განცდა მქონდა — თითქოს დამამახინჯეს და დამცინეს", — იხსენებს ხაო კლონგი, რომელიც ახლა 20 წლისაა და უნივერსიტეტში სწავლობს. მას დღემდე ახსოვს, როგორ დაბრუნდა გაკვეთილზე და როგორ აკვირდებოდნენ კლასელები — "ყველამ შემომხედა და სიცილი დაიწყო".

"ეს სცენა დღემდე მახსოვს და იმ დროიდან თვითშეფასების პრობლემები გამიჩნდა", — ამბობს იგი.

დასჯის ეს ფორმა შეიძლება სასტიკად მოგვეჩვენოს, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში ტაილანდის სკოლებში მსგავსი შემთხვევები ჩვეულებრივი სანახავი იყო. მოსწავლეებს გარეგნობასთან დაკავშირებული მკაცრი წესები უნდა დაეცვათ — გაცილებით უფრო მკაცრი, ვიდრე სხვა ქვეყნებში სკოლის სტანდარტული დრესკოდია.

მაგალითად, ბიჭებს სამხედრო სტილის მოკლე თმა უნდა ჰქონოდათ, ხოლო გოგოებს — ყურამდე შეჭრილი "ბობ-ვარცხნილობა". 2013 წელს ეს წესი ოდნავ შემსუბუქდა — ბიჭებს უფლება მისცეს თმა კეფამდე გაეზარდათ, გოგოებს კი უფრო გრძელი თმის გაზრდის ნება დართეს, ოღონდ ის შეკრული უნდა ჰქონოდათ.

ხაო კლონგის თმა მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით იყო დასაშვებზე გრძელი, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა მისი საჯაროდ დასჯისთვის.

მოსწავლეები აქციაზე სიმბოლური თეთრი ბაფთებით

მოსწავლეები აქციაზე სიმბოლური თეთრი ბაფთებით

ფოტო: Getty Images

სასამართლოს გადაწყვეტილება: წესები არაკონსტიტუციურია

2025 წლის 5 მარტს, ტაილანდის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ 1975 წლიდან მოქმედი განათლების სამინისტროს დადგენილება არაკონსტიტუციურად ცნო და გააუქმა.

დადგენილებაში წერია, რომ ეს წესები "გადაჭარბებულად ზღუდავდა პიროვნულ თავისუფლებებს" და ეწინააღმდეგებოდა ტაილანდის კონსტიტუციას. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ 50 წლის წინ შემოღებული რეგულაციები "თანამედროვე სოციალურ პირობებთან შეუსაბამო იყო" და ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობას აზიანებდა, განსაკუთრებით — გენდერულად მრავალფეროვანი იდენტობის მქონე პირებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პროცესს წინ უსწრებდა 2020 წლის მოსწავლეთა მასობრივი პროტესტები, რის შემდეგაც სამინისტრომ სკოლებს თავად მიანდო წესების დადგენა.

ცვლილებები მოსწავლეთა თვალით

16 წლის ნიჯჩაია კრაისრივატანას თქმით, მისი სკოლა ადრე ყოველკვირეულად ამოწმებდა მოსწავლეების გარეგნობას. მას აკადემიური ქულებიც დაუკარგავს თმის სიგრძის გამო. წესი იმდენად მკაცრი იყო, რომ შუბლზე შეჭრილი თმის უკან მიბმა და დამალვაც კი უწევდა. "ახლა წესები ბევრად უფრო რბილია", — ამბობს ის.

თუმცა ზოგიერთი კვლავაც ღელავს იმაზე, რომ გარკვეული სკოლები, შესაძლოა, კვლავ მკაცრ მიდგომებს დაეყრდნონ — მთავრობის ზედამხედველობის გარეშე.

სკოლის მოსწავლე პროტესტის სიმბოლოს — თეთრ ბაფთას აბამს ხელზე პროტესტის უფროს მონაწილეს, 2020 წელი

ფოტო: AFP / Getty Images

"თავიდან მიხაროდა, როცა ცვლილების შესახებ წავიკითხე" — ამბობს ხაო კლონგი. "მაგრამ მერე ადამიანებმა გააანალიზეს — აღმოჩნდა, რომ გარკვეული ხარვეზები რჩება და თითქოს არაფერი შეცვლილა".

სამხედრო წარსული და კონფორმიზმის კულტურა

შეიძლება გაუგებარია, რატომ იყო ეს წესები ასეთი მკაცრი, მაგრამ ისინი ასახავს ტაილანდის კონსერვატიულ, იერარქიულ ბუდისტურ საზოგადოებას — და კულტურას, რომელიც ავტორიტარული მმართველობის მრავალწლიანმა გამოცდილებამ ჩამოაყალიბა.

ტაილანდში ძლიერ სამხედრო გავლენას ღრმად აქვს ფესვი გადგმული. ეს კონსტიტუციური მონარქია 1932 წლიდან მოყოლებული უკვე ათზე მეტი წარმატებული გადატრიალების მომსწრეა — უკანასკნელი 2014 წელს განხორციელდა. მოსწავლეთა დრესკოდის რეგულაციები სწორედ სამხედრო მთავრობის მიერ შემუშავდა ათწლიანი დიქტატორის, თანომ კიტტიკაჩონის მმართველობის დროს, რომელიც 1973 წელს სისხლიანმა სახალხო აჯანყებამ გადააყენა.

მაგრამ სამხედროების კონსერვატიული გავლენა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდნენ მოსწავლეები სკოლაში, დღემდე გრძელდება — ამბობს ტუნჰავიჩ ტიტირატსაკული, განათლების პოლიტიკის მკვლევარი ტაილანდის განვითარების კვლევით ინსტიტუტიდან, რომელიც წარსულში სწორედ დრესკოდის პოლიტიკას იკვლევდა.

"ეს არის სოციალური ნორმა — ფასეულობა, რომ მოსწავლეებმა უნდა დაიცვან კანონი, და თუ კარგად იქცევიან, კარგ ადამიანებად ყალიბდებიან", — ამბობს ის.

ტაილანდში, მისი თქმით, "მოსწავლეებმა უნდა მოუსმინონ მშობლებს და დაემორჩილონ სკოლის წესებს. თუ მომავალში მუშაობას დაიწყებენ და შეძლებენ წესების დაცვას... ეს ნიშნავს, რომ ისინი კარგი ადამიანები არიან და წარმატებისკენ მიისწრაფვიან".

მარტის სასამართლო გადაწყვეტილებამ ამ აზროვნების ნიშნებიც აღიარა — დადგენილებაში ნათქვამია, რომ ვარცხნილობის რეგულაციები მიზნად ისახავდა "მოსწავლეთა აღზრდას, როგორც მომავალი პასუხისმგებლიანი მოქალაქეებისას", და ხაზგასმული იყო მშობლებისა და მასწავლებლების მხრიდან მკაცრი მეთვალყურეობის საჭიროება, რათა მოსწავლეებს საზოგადოებრივ ნორმებსა და კანონებს მისდიონ.

ეს სამხედრო სტილის განათლება სხვა სახის დისციპლინასაც მოიცავდა. ხაო კლონგი იხსენებს, რომ მას თითქმის ყოველდღე სცემდნენ საშუალო სკოლაში "დისციპლინის ნაკლებობის" გამო — ზოგჯერ ისეთ ინტენსივობით, რომ მათრახის სახით გამოყენებული სახაზავი ტყდებოდა კიდეც.

წესები სკოლის ფორმაზეც მკაცრი იყო — საჯარო სკოლებში ისინი თითქმის იდენტურია და მოიცავს თუნდაც წინდების ან ფეხსაცმლის კონკრეტულ მოდელებსაც კი.

დროის გასვლასთან ერთად, მოსწავლეებმა წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს. თუმცა, მაშინაც კი, როდესაც 2013 წელს წესები შერბილდა, ამას მღელვარება მოჰყვა — ზოგიერთი მშობელი და მასწავლებელი ამტკიცებდა, რომ უფრო რბილი რეგულაციები უწესრიგობასა და ყურადღების გაფანტვას გამოიწვევდა.

ეს დებატები გრძელდებოდა, სანამ 2020 წელს მთელ ქვეყანაში პროტესტები არ აფეთქდა — და მოსწავლეთა ჯგუფმა თქვა, რომ საკმარისა.

"ცუდი მოსწავლეების" პროტესტი

2020 წელს ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით პროდემოკრატიული დემონსტრანტი ქუჩებში გამოვიდა და მოითხოვა ცვლილებები სამხედრო ხელისუფლების მიერ შემუშავებულ კონსტიტუციაში და მეფის ძლიერ მმართველობაში.

ეს პროტესტები განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ ისინი არღვევდნენ ტაბუს — ტაილანდში სამეფო ოჯახის კრიტიკა პატიმრობით ისჯება.

დემონსტრაციები ზაფხულსა და შემოდგომაზე გაგრძელდა, და ამ პროცესში სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ. საშუალო და უმაღლესი კლასის მოსწავლეებმა პირობა დადეს, რომ გააუქმებდნენ ვარცხნილობისა და სასკოლო ფორმის მკაცრ წესებს და შეეცდებოდნენ გაეპროტესტებინათ მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.

ცნობილი სამთითიანი სალამი სკოლის მოსწავლეების პროტესტზე, 2020 წელი

ფოტო: AP

ორივე საპროტესტო მოძრაობა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი იყო, მაგრამ როგორც მკვლევარი ტუნჰავიჩი აღნიშნავს, მოსწავლეთა პროტესტს, სავარაუდოდ, გავლენა დიდი პროდემოკრატიული გამოსვლებისგანაც ჰქონდა მიღებული. დემონსტრაციების ფოტოებზე ასახულია ასეულობით მოზარდი, რომელიც იმავე სიმბოლოებს იყენებდა, რასაც პროდემოკრატიული პროტესტების მონაწილეები — სამთითიანი სალამი, ყვითელი რეზინის იხვები და სხვა.

ერთ-ერთ პოპულარულ პლაკატზე ეწერა:

ჩვენი პირველი დიქტატურა სკოლაა

ხაო კლონგი, რომელსაც სკოლაში საჯარო შერცხვენამ ტრავმა დაუტოვა, ამჯერად სხვების დასაცავად შეუერთდა აქტივისტთა ჯგუფს სახელწოდებით — ცუდი მოსწავლეები. (Bad Students)

2020 წლის ნოემბერში ჯგუფის ერთ-ერთ ფეისბუქ პოსტში ეწერა: "გაიხადე ეს მწარე, მოძველებული ფორმები"! — და მოსწავლეებს მოუწოდებდნენ, ჩაეცვათ როგორც თვითონ სურდათ.

შემდეგ თვეში ჯგუფმა განათლების სამინისტროს წინ აქცია გამართა — მოსწავლეებმა თავიანთი სკოლის ფორმები სამინისტროს კარებზე ჩამოკიდეს.

"ცუდი მოსწავლეების" აქციაზე მოსწავლეები ფორმებს კიდებენ განათლების სამინისტროს ჭიშკარზე, 2020 წელი

ფოტო: Getty Images

პროტესტი ხალისიანი და ფერადი იყო — ზოგს პირზე შავი წებოვანი ლენტი ჰქონდა აკრული, რომ სიმბოლურად გამოეხატა სკოლაში დათრგუნვის განცდა; სხვები — დინოზავრის კოსტიუმებში მივიდნენ, რათა დაეცინათ ძველი თაობის პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც მოსწავლეებს ფორმებს უკონტროლებდნენ.

განსაკუთრებული აქტი იყო პირდაპირ აქციაზე თმის შეჭრაც — ერთ-ერთმა 19 წლის მოსწავლემ, პიმჩანოკ ნონგნუალმა, განათლების სამინისტროს კიბეებზე, მაღალი რანგის ოფიციალური პირის წინაშე, თავი გადაიპარსა. ეს ინფორმაცია როიტერმა გაავრცელა იმ პერიოდში.

"აბა გენდერულად მოქნილ ან არაბინარულ მოსწავლეებზე რა ვქნათ?" — იკითხა მან ხმამაღლა. ეს შეკითხვა ბევრი სხვა მოსწავლის კითხვასაც გამოხატავდა, ვინც აქციაზე ცისარტყელას ფერებში ჩაცმული მივიდა, რომ სქესობრივად მრავალფეროვანი სკოლის ფორმები მოეთხოვა.

უშედეგობის განცდა გვქონდა. იმ მომენტში ვფიქრობდით — თუ არა ჩვენ, მაშინ ვინ? თუ ჩვენ არ ვიტყვით ხმამაღლა, ვინ იტყვის?

— ამბობს ხაო კლონგი.

ჯგუფმა წარადგინა პეტიციები და საჩივრები მთავრობისადმი — რაც საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ 2023 წელს განათლების სამინისტრომ ოფიციალურად გააუქმა ვარცხნილობის რეგულაცია, რათა უზრუნველეყო, რომ მოსწავლეების "ფიზიკური თავისუფლება არ შეზღუდულიყო".

2024 წელს კი სამინისტრომ სკოლებსა და მასწავლებლებს მოუწოდა, მეტი სიფრთხილით მიეხედათ მოსწავლეთა დასჯის საკითხისთვის.

გზა წარსულიდან თავისუფლებისკენ

ბოლო სასამართლო გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე, თითქოს ამ გამარჯვებებს ოფიციალურად ამყარებს — და იმით, რომ ვარცხნილობის წესები "არაკონსტიტუციურად" ცნო, შესაძლოა მოსწავლეებს მეტი ძალაუფლება მიანიჭოს იმ სკოლებში, სადაც ჯერ კიდევ ცდილობენ მკაცრი წესების შენარჩუნებას.

ნიჯჩაიამ, მოსწავლემ ბანგკოკიდან, ცვლილება მაშინ იგრძნო, როცა სკოლაში პირველად მივიდა ისე, რომ შუბლზე თმა (ე.წ. ჩოლკა) არ ჰქონდა უკან მიბმული და დამალული. "უბრალოდ, არაფერი თქვეს და გამატარეს", — თქვა მან.

როცა ჰკითხეს, უნდოდა თუ არა მეტი თავისუფლება ტანსაცმელში, მან მკაფიოდ უპასუხა: "დიახ, აბსოლუტურად"! — და დაამატა, რომ სიამოვნებით ჩაიცვამდა მაისურსა და ჯინსებს და თმას თავისუფლად გაიშლიდა.

თუმცა, ტუნჰავიჩი აღნიშნავს, რომ ზეიმისთვის ჯერ ადრეა. "ახლა სკოლებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა", — ამბობს ის, — "და საზოგადოებასთან, მოსწავლეებთან და სამეურვეო საბჭოებთან ერთად უნდა განიხილონ, როგორ დაარეგულირონ წესები. მაგრამ გაურკვეველია, ექნებათ თუ არა მოსწავლეებს ამ პროცესში ხმის უფლება"

პროტესტებიდან ხუთი წლის შემდეგ, ის მოსწავლეები, რომლებიც მაშინ წინა ხაზზე იდგნენ, ახლა გადაღლილები არიან. ბევრმა მათგანმა სწავლა გააგრძელა და ამჟამად აკადემიურ და ყოველდღიურ მოთხოვნებს ეჭიდება — სწავლის, მუშაობის და ცხოვრების ბალანსის პოვნას ცდილობს.

სტუდენტთა უფლებების თემა მედიიდან თითქმის გაქრა, თუმცა დაბრკოლებები ჯერ კიდევ რჩება.

და მაინც, ხაო კლონგი ამბობს:

"სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით იმედი მაქვს, რომ სკოლებში ისევ განვიხილავთ საკითხებს თავისუფლებებზე, უფლებებზე, ჩაგვრასა და ავტორიტარიზმზე".

მისი თქმით:

"ის, რომ ამაზე აღარ ვსაუბრობთ, არ ნიშნავს, რომ პრობლემა გაქრა — უბრალოდ დაგვავიწყდა, რომ უნდა მივუბრუნდეთ. შეიძლება ბრძოლის სურვილი შენელდა, მაგრამ ყველას ახსოვს ის განცდა, როცა გვემუქრებოდნენ და ჩვენი უფლებებისთვის ვიბრძოდით".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ევროვიზიის გამარჯვებული ქართული ჟიურის შეფასებით ბოლოდან მეორე ადგილზე იყო
  2. ვის რა დავუწერეთ და ვინ რა დაგვიწერა — ევროვიზიის შედეგები დეტალურად
  3. შეავსე ტესტი და გაიგე, იმეგობრებდა თუ არა პეპი შენთან
  4. სინამდვილეში ვინ გადაიღო ეს ცნობილი ფოტო? — დავა გრძელდება
  5. ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ მარო მაყაშვილის ისტორიას?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

OSZAR »