რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი დასრულდა. წლევანდელი ევროფესტივალის ტრიუმფატორი ავსტრიის წარმომადგენელი JJ გახდა, სიმღერით Wasted Love. 36 ქვეყნიდან რვის ჟიურიმ ავსტრიის გამოსვლა უმაღლესი 12 ქულით შეაფასა.

ჩვენ ამ ქვეყნებს შორის არ ვყოფილვართ. მეტიც, საქართველო ერთ-ერთი იყო იმ ხუთი ქვეყნიდან (სან-მარინო, აზერბაიჯანი, ჩეხეთი, იტალია), რომელთა ჟიურიმ ავსტრია ქულის გარეშე დატოვა. უფრო ზუსტად კი, ქართული ჟიურის შეფასებით ევროვიზიის გამარჯვებულს ბოლოდან მეორე, 25-ე ადგილი ერგო.

ვინ დაწერა ქულები საქართველოდან

ტელემაყურებელთან ერთად, ევროვიზიის ფინალში შეფასებას თითოეული ქვეყნის ჟიურიც წერს. 5-წევრიანი ჟიური, როგორც წესი, მუსიკის დარგის პროფესიონალებს აერთიანებს.

წელს ქართულ ჟიურიში იყვნენ დავით ცინცაძე, გიორგი როსტიაშვილი, შალვა პოპიაშვილი, ანი კეკუა და სალომე ბაკურაძე.

უცნობია, როგორ გაანაწილა თითოეულმა მათგანმა ქულები, მაგრამ ვიცით, რომ ავსტრია ორ მათგანს ბოლო, 26-ე ადგილზე ჰყავდა, ერთს — 23-ე ადგილზე, ერთს — 22-ეზე და ერთსაც — მე-17-ზე. ჯამში, ასე აღმოჩნდა JJ ბოლოდან მეორე პოზიციაზე საქართველოს ჟიურის შეფასებით.

ქართულმა ჟიურიმ უმაღლესი 12 ქულა იტალიას დაუწერა.

რაც შეეხება ტელემაყურებელს, ქართველი მაყურებლისგან გამარჯვებულ ავსტრიას ფინალში 5 ქულა შეხვდა.

ევროვიზია 2025-ზე, რომელსაც შვეიცარიის ქალაქი ბაზელი მასპინძლობდა, საქართველო მარიამ შენგელიამ წარადგინა. საკონკურსო სიმღერამ Freedom ("თავისუფლება") ნახევარფინალში ბოლოდან მეორე, მე-15 ადგილი დაიკავა და ჩვენი ქვეყანა კონკურსს გამოეთიშა.

თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...