ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ლაშა გაბიტაშვილის კომენტარს გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას ქართული ოცნების პოლიტიკასა და აბუ დაბის ინციდენტს უკავშირებს.

"ამ სიგიჟეზე როგორ უნდა გიპასუხოთ? სისულელეა. უცხო ქვეყნის მოქალაქეობას როცა აიღებ, შემდეგ ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა გიჩერდება. ამის შემდეგ შენარჩუნებაზე განცხადებას წერ და მერე იხილავს შესაბამისი უწყება და მე არ ვიცი რა გადაწყვეტილება მიიღეს. სხვა თუ რაიმე სერიოზული კითხვა გაქვთ, გიპასუხებთ. თუ თვლის, რომ ეკუთვნის [საქართველოს მოქალაქეობა], მაშინ გაასაჩივროს და პროცედურებია. რა შუაშია ინციდენტი? ყველაფერს სიგიჟეებს ნუ იმას შვებით. ავტორიტეტი გივარდებათ. მერე არასერიოზულად ჩნდებით. [...] საერთოდ არ ვარ ვალდებული ვუპასუხო სიგიჟეს", — განაცხადა ზარქუამ.

მანამდე გაბიტაშვილმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ მისთვის "მოქალაქეობა არ გაიცემა იმიტომ, რომ შეიძლება სახელმწიფოს ინტერესს არ წარმოადგენს, მე რომ მქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. ამ ყველაფერს ვუკავშირებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა და, რა თქმა უნდა, აბუ დაბის ინციდენტსაც".

ლაშა გაბიტაშვილმა დღეს გაავრცელა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ წაართვა საქართველოს მოქალაქეობა".

"ქართულმა ოცნებამ წამართვა საქართველოს მოქალაქეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დავიბადე, გავიზარდე, მთელი ცხოვრებაა საქართველოში ვმოღვაწეობ, იუსტიციის სახლმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ გამიგრძელდეს საქართველოს მოქალაქეობა.

ისრაელის მოქალაქეობა მაქვს, რომელიც ცოლის მხრიდან მივიღე ქორწინებით და ამის შემდეგ მივმართე იუსტიციის სახლს მივმართე, რომ მოქალაქეობა შემენარჩუნებინა. მე უარი არ განმიცხადებია საქართველოს მოქალაქეობაზე. მათ უარი მითხრეს [შენარჩუნებაზე] და წამართვეს მოქალაქეობა. რასაც აუცილებლად გავასაჩივრებ..." — აცხადებს ლაშა გაბიტაშვილი.

NEWS.On.ge-მ იუსტიციის სახლს განმარტებისთვის მიმართა, რატომ გააუქმეს მოქალაქე გაბიტაშვილს საქართველოს მოქალაქეობა. მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 13 იანვარს აბუ-დაბიში ლაშა გაბიტაშვილს "ოცნების" დეპუტატები — ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინა დღეს, გაბიტაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მეტი აბუ-დაბის ინციდენტზე: