საქართველო და კატარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაიწყებენ მოლაპარაკებას - ოცნების ხელისუფლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კატარის სახელმწიფოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შეიხ ფეისალ ბინ თანი ალ თანისთან მისი შეხვედრისას იქნა მიღებული.

ინფორმაციას ოცნების ხელისუფლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრა ლევან დავითაშვილის კატარში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის გარშემო შედგა საუბარი, მათ შორის — საინვესტიციო, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებით. შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

"კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან შეხვედრისას განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები. პრაქტიკულ დონეზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ის შეთანხმებები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, უნდა აღსრულდეს და ამისთვის შეიქმნება კონკრეტული ფორმატი. წლის განმავლობაში გვექნება უკვე ბიზნეს-დელეგაციების ვიზიტები საქართველოსა და კატარში იმისთვის, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესი იყო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას კატართან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე — ისევე, როგორც გვაქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ეს იქნება დამოუკიდებელი ფორმატი და არა მთლიანად სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება", — განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის მოლაპარაკება შესაძლებელია უკვე წელს, აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმის ფარგლებში შედგეს - დავითაშვილმა კატარის დელეგაცია თბილისში მოიწვია ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 22 -23 ოქტომბერს გაიმართება.