ვაშინგტონში, ებრაულ მუზეუმთან, ისრაელის საელჩოს 2 თანამშრომელი მოკლეს. CNN-ის ინფორმაციით, 30 წლის ელიას როდრიგესი მუზეუმთან მყოფ ოთხკაციან ჯგუფს მიუახლოვდებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და საელჩოს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა.

თვითმხილველის თქმით, სროლის შემდეგ ეჭვმიტანილი მუზეუმში შევიდა და მალევე დააკავეს. პოლიციის უფროსის განაცხადებით, ბრალდებულმა დაკავებისას აღიარა დანაშაულის ჩადენა, და "თავისუფლება პალესტინას" სკანდირებდა.

"დაღუპული ახალგაზრდა წყვილია, რომლებიც ნიშნობას გეგმავდნენ," — განაცხადა აშშ-ში ისრაელის ელჩმა, იეჩიელ ლეიტერმა პრესკონფერენციაზე. "ახალგაზრდა მამაკაცმა ამ კვირაში ბეჭედი შეიძინა იმ განზრახვით, რომ მომავალ კვირას იერუსალიმში შეყვარებულისთვის ხელი ეთხოვა".

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში მომხდარზე კომენტარი გააკეთა.

"ეს საშინელი მკვლელობები ვაშინგტონში, რომლებიც აშკარად ანტისემიტიზმით არის მოტივირებული, უნდა დასრულდეს — ახლავე!

სიძულვილსა და რადიკალიზმს აშშ-ში ადგილი არ აქვს. სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს!

ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!" — დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.