26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქცია-ღონისძიებები 15:00 საათიდან დაიწყება. მოქალაქეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ წავლენ, 17:10 წუთზე კი დამფუძნებელი კრების სასახლესთან (დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე) დამოუკიდებლობის აქტს წაიკითხავენ.

ღონისძიების ორგანიზატორები წერენ, რომ "საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებს საქართველოს თავისუფლებისთვის დაუღალავად მებრძოლ საზოგადოებას. დილიდან გაიმართება ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნება ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს".

"26 მაისს რუსთაველზე გაცოცხლდება საქართველოს ეროვნული მეხსიერება და ჩვენი გმირი წინაპრების კვალდაკვალ ხმამაღლა გაისმება ხმები, რომლებიც დღეს ყოველდღიური წინააღმდეგობით იცავენ სამშობლოს რუსთაველზე, საპატიმროებიდან, ემიგრაციიდან, საერთაშორისო ტრიბუნებიდან და ყველა შესაძლო ადგილიდან, სადაც ცოცხლობს წინააღმდეგობა!

და უწყვეტი პროტესტის 180-ე დღეს ერთ მუშტად შეკრული ქართული საზოგადოება
კვლავ მტკიცედ აჩვენებს მტერსაც და მოყვარესაც: რომ საქართველოს ვიცავდით და ვიცავთ მარად! ვიცავდით და კვლავ დავიცავთ! ბოლომდე! ერთად!", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

26 მაისს, 18:00 საათზე პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია — "ერთად დამოუკიდებლობისთვის", რომლის ორგანიზატორიც წინააღმდეგობის პლატფორმაა.

"26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ – რუსთაველზე გაცოცხლდება ჩვენი ეროვნული მეხსიერება და თვალსაჩინოს გახდის, თუ რამდენ ქართველს გვაერთიანებს ის, რასაც გარდაუვლად დავკარგავთ, თუ რეჟიმი არ შევცვალეთ. 18:00 საათზე პარლამენტთან შევიკრიბებით ყველა, ვისაც გვსურს ვირწმუნოთ, რომ ჩვენს ბრძოლას შედეგი აქვს და ყოველ დღე, გამარჯვებამდე ერთი დღით ნაკლები რჩება! შევიკრიბებით ერთად დამოუკიდებლობისთვის", – აცხადებენ ორგანიზატორები.

ქართული ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, 26 მაისის შემეცნებით-გასართობი სივრცეები რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის ქუჩაზე მოეწყობა.

თავისუფლების მოედანზე გაიმართება ახალწვეულების ფიცის საზეიმო მიღება. 17:10-ზე, როცა საქართველოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა, საზეიმო აღნიშვნა იქნება ორბელიანის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე. დაგეგმილია გალა-კონცერტიც, რომელიც ასევე სატელევიზიო ეთერით იქნება უზრუნველყოფილი.

"თბილისში, ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებით-გასართობი სივრცეების მოწყობა: სპორტული აქტივობების სივრცე, კულტურული აქტივობების სივრცე, საგამოფენო სივრცე, საბავშვო სივრცეები, ღვინის სადეგუსტაციო და მოსასვენებელი სივრცე, ტერიტორიის გასაფორმებელი დეკორაცია" — ნათქვამია 15 აპრილს გამოცემულ განკარგულებაში.