23 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის "დასაკვეხნი არაფერი აქვს" და მისი არჩევანია უკრაინას მშვიდობას მოუტანს, თუ მთლიან ქვეყანას დაკარგავს.

ტრამპმა განცხადებაში ასევე ისაუბრა ზელენსკის კომენტარზე ყირიმთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ეს განცხადება ძალიან დამაზიანებელია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.

"უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, Wall Street Journal-ის პირველ გვერდზე იკვეხნის, რომ "უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს ყირიმის ოკუპაციას. ამაზე არაფერი არაა სალაპარაკო". ეს განცხადება ძალიან დამაზიანებელია რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის იმ მხრივ, რომ ყირიმი დაკარგულ იქნა წლების წინ ბარაკ ჰუსეინ ობამას დროს, და განხილვის საგანი არცაა. არავინ სთხოვს ზელენსკის ყირიმის რუსულ ტერიტორიად აღიარებას, მაგრამ თუ მას ყირიმი სურს, რატომ არ იბრძოლეს მისთვის თერთმეტი წლის წინ, როდესაც ის რუსეთს გასროლის გარეშე გადაეცა? "ობამას გადაცემამდე" ტერიტორიაზე წლებია მდებარეობდა რუსეთის წყალქვეშა გემებისთვის დიდი ბაზები. ზელენსკის განცხადების მსგავსი წამქეზებელი განცხადებები ართულებს ამ ომის მოგვარებას. დასაკვეხნი არაფერი არ აქვს! უკრაინისთვის ვითარება საზარელია — მას შეუძლია ჰქონდეს მშვიდობა, ან კიდევ სამი წელი იბრძოლოს, სანამ მთლიან ქვეყანას არ დაკარგავს," — წერს დონალდ ტრამპი.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ მას რუსეთთან საქმე არ აქვს და ზელენსკის განცხადების მიზანი "სასაკლაოს გაგრძელებაა". აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეახსენა ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ მას "სათამაშო კარტები არ აქვს".

"რუსეთთან საქმე არ მაქვს, მაგრამ საქმე მაქვს იმასთან, რომ მსურს გადავარჩინო, საშუალოდ, კვირაში ხუთი ათასი რუსი და უკრაინელი სამხედრო, რომლებიც საერთოდ უმიზეზოდ იღუპებიან. ზელენსკის მიერ გაკეთებული დღევანდელი განცხადება "სასაკლაოს" გაგრძელების გარდა არაფერს არ გააკეთებს, და არავის არ უნდა ეს! ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან, მაგრამ კაცმა, რომელსაც "სათამაშოდ კარტები არ აქვს" ახლა, საბოლოოდ, უნდა გააკეთოს ეს. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას დავეხმარო უკრაინასა და რუსეთს, რომ გამოვიდნენ ამ სრული და ტოტალური არეულობიდან, რომელიც არ დაიწყებოდა მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!" — წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმატების შესახებ გაკეთებული განცხადების ფონზე, რუსმა ჯარებმა ხუთშაბათს, 24 აპრილს, ღამით უკრაინის ქალაქებზე ახალი შეტევა დაიწყეს.

ომის 1156-ე დღეს, მოსკოვმა ისევ დაბომბა კიევი. უკრაინული მედიის ცნობით, ცნობილია ცხრა გარდაცვლილი შესახებ, 70-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის 6 ბავშვი და ერთი ორსული ქალია.