როსტოველ ადვოკატს ირინა გაკს სტატუსი ჩამოერთვეს, რადგან მან რუსეთი დატოვა, ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველი და ადვოკატი კარინა მოსკალენკო იტყობინება. ინფორმაცის Forbes ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ეს ამ ტიპის პირველი პრეცედენტია. გაკმა რუსეთი 2023 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი კლიენტი როსტოვის პოლიციის სპეციალურ დაკავების ცენტრში გარდაიცვალა და მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

"როსტოვის ოლქის ადვოკატთა ასოციაციამ, იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, ჩამოართვა ადვოკატ ირინა გაკს ადვოკატის სტატუსი, რომელიც ჭეშმარიტად ერთგული იყო თავისი იურიდიული მოვალეობისა! რისთვის? „იმიტომ, რომ პირადი (საფუძვლიანი) მიზეზების გამო მას არ შეეძლო რუსეთში ყოფნა", — წერს მოსკალენკო.

რუსეთში 2024 წლის აპრილიდან ძალაში შევიდა ადვოკატობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ადვოკატს შეიძლება ჩამოერთვას სტატუსი, თუ ის რუსეთს დატოვებს მუდმივად სხვაგან ცხოვრებისთვის ან ერთ წელზე მეტი ვადით საფუძვლიანი მიზეზის გარეშე (ასეთ მიზეზებს შორისაა, მაგალითად, მკურნალობა ან სტაჟირება).

გაკმა რუსეთი 2023 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც მისი კლიენტი, აქტივისტი ანატოლი ბერეზიკოვი, როსტოვის პოლიციის სპეციალურ დაკავების ცენტრში გარდაიცვალა; მისი ცხედარი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გასვლამდე ერთი დღით ადრე იპოვეს. ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მამაკაცმა თავი მოიკლა. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით „თვითმკვლელობისკენ წაქეზება მუქარით, სასტიკი მოპყრობითა და დამცირებით“. ადვოკატის თქმით, ის ამბობდა აწამებდნენ და ემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ.

ამის შემდეგ გაკის სახლი გაჩხრიკეს. "უსაფრთხოების ძალები დონის როსტოვში მის სახლში შეიჭრნენ და ჩხრეკა ჩაატარეს. ის, მისი ქალიშვილი და ქმარი პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევის მსხვერპლნი გახდნენ. „მათ იატაკზე წოლა და უკიდურესი სტრესის გადატანა მოუწიათ", — განუცხადა მოსკალენკომ Forbes-ს 2023 წლის ოქტომბერში. მან აღნიშნა, რომ გაკის ადვოკატს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს; ჩხრეკა ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლის მოსვლამდე ჩატარდა, რაც აკრძალულია. მისი თქმით, ამის შესახებ გაეროს ორგანოებში საჩივარი შევიდა.