ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რუსთაველის გამზირზე კოალიცია ცვლილებების მოშიმშილე ლიდერ, ელენე ხოშტარიასთან ემპათიის გამო მივიდა.

ის კითხვას სვამს — "მორალურია, მიხვიდე ადამიანთან, რომელსაც საფეთქელზე იარაღის აქვს მიბჯენილი და თანაგრძნობით შემოიფარგლო?"

მისივე თქმით, "თუ ელჩი შინაარსს თანაუგრძნობს, ანუ ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა".

"გერმანიის ელჩმა, მისი, გუშინდელი, სოლიდარობის აქტის გამართლების მცდელობისას, დაადასტურა, რომ მას, ელენე ხოშტარიასთვის შიმშილობის შეწყვეტა არ ურჩევია და მხოლოდ ემპათიის გამოსახატავად მივიდა.

რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ემპათია, ანუ თანაგრძნობა გამოეხატა ელჩს? შიმშილობის, როგორც პროტესტის ფორმის თუ ამ ფორმით დაყენებული მოთხოვნის მიმართ?

თუ მას ფორმის მიმართ აქვს თანაგრძნობა, ანუ როდესაც ადამიანი საკუთარი თავის დაზიანების მუქარით სხვის იძულებას ცდილობს, ეს მორალური კატასტროფაა. განა მორალურია, მიხვიდე ადამიანთან, რომელსაც საფეთქელზე იარაღის აქვს მიბჯენილი და თანაგრძნობით შემოიფარგლო? სწორედ ეს არის ადამიანის სიცოცხლის ინსტრუმენტალიზება, ანუ მისი სიცოცხლის, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებად წარმოჩენა და არა თვით მიზნად, რაც გერმანიის კონსტიტუციის პირველივე მუხლით დაცული "ადამიანის ღირსების" შელახვაა.

ხოლო, თუ ელჩი შინაარსს თანაუგრძნობს, ანუ ხოშტარიას მიზანს, ამ აქტით აიძულოს ოპოზიცია, ბოიკოტი გამოუცხადოს თვითმმართველობის არჩევნებს, ეს დიპლომატიური კატასტროფაა. თუმცა, მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური აქტივობების გათვალისწინებით, ამაში არც არაფერია გასაკვირი.

"ვენის კონვენციის" მიერ დიპლომატებისთვის დაწესებული აკრძალვა, რომ არ ჩაერიონ საშინაო საქმეებში, უპირველეს ყოვლისა, მათსავე დაცვას ემსახურება წინდაუხედავი და მათთვისვე საზიანო ქცევისგან", — წერს შალვა პაპუაშვილი.

შეხსენებისთვის, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა 27 ივნისს საღამოს გამოაცხადა, 28 ივნისს მას გედევან ფოფხაძეც შეუერთდა. მათთან ერთად კიდევ 3 აქტივისტი — ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვი და ბაჩო კუცია.

ელენე ხოშტარია პეტერ ფიშერმა გუშინ, 28 ივნისს მოინახულა.