NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ამერიკულ Fox News-ზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვზე სარკასტულად ისაუბრა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა NATO-ს შესაძლო დაშლაზე გააკეთა კომენტარი.

"ლავროვი, მგონი, ქრისტეს შობიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია? და მას შემდეგ მისი პირიდან სასარგებლო არაფერი გაგვიგია. ამიტომ, ნუ მივაქცევთ ბატონ ლავროვს დიდ ყურადღებას", — თქვა მარკ რუტემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა მალევე გამოეხმაურა რუტეს ამ კომენტარს.

"სერგეი ლავროვი ტყუილად არ უმუშავია ამდენი წელი, რაკი NATO-ს გენერალურ მდივანს იესო ქრისტეს გახსენება აიძულა", — აღნიშნა მან Telegram არხზე.

ივნისის ბოლოს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ყოფილი საბჭოთა ლიდერების კვალს მიჰყვება.

"მან [პუტინმა] ერთხელ თავად თქვა, რომ საბჭოთა კავშირი დაიშალა, რადგან ძალიან ბევრს ხარჯავდა იარაღზე და ახლაც იგივეს აკეთებს". "ის ძალიან ძვირადღირებულ ომს აწარმოებს და ასევე მთელი დასავლეთი თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ აიძულა", — განაცხადა სიკორსკიმ PAP-თან ინტერვიუში.

30 ივნისს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებმა ლავროვს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა პოლონელი კოლეგის განცხადებაზე.

"ალბათ, ის [სიკორსკი] წინასწარმეტყველებს, რადგან ის ასეთი პროგნოზირებადია, რომ NATO-ს ქვეყნების ბიუჯეტის კატასტროფული, ჩემი აზრით, ზრდა ამ ორგანიზაციის კოლაფსსაც გამოიწვევს", — თქვა ლავროვმა.

24-25 ივნისს ჰააგაში ნატოს სამიტი გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ. რუტემ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას შეუძლია თავი დაიცვას რუსული საფრთხისგან.

"ჩვენ ღია წყაროებიდან და ევროპაში მრავალი მაღალი რანგის სამხედრო ლიდერისგან მოვისმინეთ: ისინი [რუსები] ისეთი ტემპით აშენებენ თავიანთ შეიარაღებულ ძალებს, რომ სამ, ხუთ ან შვიდ წელიწადში მზად იქნებიან თავდასხმისთვის", — აღნიშნა მან.

აღსანიშნავია, რომ 21 მაისს ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ ევროპის მილიტარიზაციის 150 მილიარდი ევროს გეგმაზე. ის ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შემოგვთავაზა.

"რაც უფრო მეტ ინვესტიციას ჩადებს ევროკავშირი თავის არმიებში, მით უკეთ შეძლებს შეაჩეროს ისინი, ვისაც მისთვის ზიანის მიყენება სურს", — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობის გვერდზე გამოქვეყნდა.