ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით განმარტებას აკეთებს გუშინ, 2 ივლის ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის საქართველოში ირანის საელჩოში მისვლასთან და სოლიდარობის გამოხატვასთან დაკავშირებით.

მათი ცნობით, 2025 წლის 26 ივნისს ირანის საელჩომ ოფიციალური ნოტით მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნის გახსნის შესახებ და თბილისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ირანის მოქალაქეების დაღუპვასთან დაკავშირებით გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი, — აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 13 ივნისს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში ესკალაციას: "ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ახლო აღმოსავლეთში მზარდი დაძაბულობით, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას. ჩვენ განსაკუთრებულად ვუსვამთ ხაზს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას დეესკალაციისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ოცნების ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირანის საელჩოში მისვლას და მათთვის სოლიდარობის გამოცხადებას გუშინვე გამოეხმაურა მომხდარს საქართველოში ისრაელის საელჩო. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მომხდარით "შეძრწუნებულები არიან".

"შევძრწუნდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო სოლიდარობის ღონისძიებას თბილისში, ირანის საელჩოში. იმ დროს, როცა დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მონაწილეობა ასეთ ღონისძიებაში. ეს მორალურად არასწორია", — ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.