ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ჟინვალის ჰიდროკომპლექსის წყალგამყვანი გვირაბისა და ბოდორნას წყალსაცავის წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის გეგმიურ რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1,6 მილიონ ლარია.

აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფასა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებას ემსახურება.

ჟინვალჰესის წყალგამყვანი გვირაბის ჯამური სიგრძე 9 კილომეტრია, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები 1.5 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გვირაბის ძირისა და კედლების მოსახვის აღდგენა, ფილტრაციული კერების აღმოფხვრა და გეოტექნიკური სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს გვირაბის გრძელვადიან გამართულ მუშაობას.

“ჟინვალის ჰიდროკომპლექსსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე მუდმივი ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიმდინარე წელს, ჟინვალისა და ბოდორნას წყალსაცავებზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტების საერთო ღირებულება 1.6 მილიონ ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჟინვალის წყლგამყვან გვირაბში მიმდინარეობს, ხოლო ბოდორნას სარეზერვო არხზე, უკვე დასრულებულია.

აღნიშნული ინფრასტრუქტურის საშუალებით ხდება წყლის ტრანსპორტირება დედაქალაქის მიმართულებით, შესაბამისად, მათი გამართული ფუნქციონირება უზრუნველყოფს თბილისის მოსახლეობის სტაბილურ წყალმომარაგებას. მსგავსი სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველწლიურად ტარდება, რაც აუცილებელია ინფრასტრუქტურის ექპლუატაციის ვადის გახანგრძლივებისთვის.” — ამბობს ჯივიპის წყლის წარმოების და ენერგეტიკის დირექტორი, ვიქტორ სოლისი.

იმავდროულად, ჯივიპიმ უკვე დაასრულა ბოდორნას წყალსაცავისა და სარეზერვო წყალმიმღები არხის გამყოფი დამბის ბეტონით მოპირკეთების სამუშაოები, რაც აღნიშნული ინფრასტრუქტურის სიმტკიცესა და ექპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას უზრუნველყოფს.