პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი ბექა ლილუაშვილი, "ოცნების" პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერის, გიორგი გახარიას ხელმეორედ დაბარებას ეხმაურება.

მისი თქმით, ჩორჩანას საქმე არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ქართულმა მხარემ შეძლო ყველანაირი სამხედრო ჩართულობის გარეშე ქვეყნის ეროვნული და ტერიტორიული ინტერესების დაცვა, ხოლო ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას, საგამოძიებო კომისიაზე დაბარება ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ, მის პოლიტიკურ დევნას.

"ჩორჩანას ეპიზოდი — ეს იყო ერთადერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, როდესაც სამხედრო ესკალაციის გარეშე მოხდა ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების დაცვა და მცოცავი ოკუპაციის შეჩერება. ეს იყო, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ერთადერთი შემთხვევა, რომელიც სწორედ გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ყველა შესაბამისი საჭირო უწყების ჩართულობით და ამ მოვლენამ მოახდინა ის, რომ ჩვენ დავიცავით ქვეყნის ეროვნული და ტერიტორიული ინტერესები. ეს პროცესი, რაც წარმოებს გნებავთ პროკურატურის მხრიდან, გნებავთ საგამოძიებო კომისიის მხრიდან, ეს სხვა არაფერია გარდა პოლიტიკური დევნა, — განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაწყებული გამოძიება "2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებას ეხება".

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, "საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე" მიმდინარეობს.

სოფელ ჩორჩანაში, ოკუპაციის ხაზთან ახლოს, პოლიციის საგუშაგო, გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს, 2019 წლის აგვისტოში აშენდა. მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის.

მიმდინარე წლის 14 აპრილს ოცნების პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე დაბარებულ გიორგი გახარიას ამ საკითხზეც დაუსვეს კითხვები. წულუკიანის კომისიაში აცხადებდნენ, რომ გახარიამ თვითნებურად ააშენა საგუშაგო, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. გახარიას თქმით, "ყველამ ყველაფერი იცოდა".

ამავე თემაზე: