ვლადიმერ პუტინის უკრაინაზე დრონებით უპრეცედენტო შეტევების საპასუხოდ, გაერთიანებული სამეფო რუსეთის წინააღმდეგ 100 ახალი სანქციის ამოქმედებას აანონსებს — ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.

განცხადების მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს სანქციები თანხვედრაშია ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მე-17 სანქციების პაკეტთან და მიზნად ისახავს ომის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობით დასრულებას.

სანქციები ეხება რუსეთის სამხედრო, ენერგეტიკულ და საფინანსო სექტორებს, ასევე იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც პუტინის საინფორმაციო ომს უწყობს ხელს. ამას გარდა, "გაერთიანებული სამეფო პარტნიორებთან ერთად მუშაობს ნავთობის ფასის ზედა ზღვრის გამკაცრებაზეც, რათა შეზღუდოს კრემლის შემოსავალი და დაასუსტოს პუტინის ომის მანქანა".

ახალი სანქციები ეხება რუსეთის მიერ სიკვდილის მომტან იარაღის სისტემების მიწოდების ქსელებს, მათ შორის "ისკანდერის" რაკეტებს. პუტინმა "ისკანდერის" რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობაზე არაერთხელ გამოიყენა, მათ შორის 13 აპრილს, სუმიში განხორციელებულ თავდასხმაში, რომლის შედეგადაც 34 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც, რომლებიც ბზობის დღესასწაულის წირვაზე მიდიოდნენ.

"ყოველი რუბლი, რომლითაც ვამცირებთ კრემლის შემოსავალს, ამცირებს პუტინის შესაძლებლობას, დათესოს ქაოსი და განხეთქილება მსოფლიოში და ამავდროულად იცავს გაერთიანებულ სამეფოს, ზრდის ჩვენს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას," — ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს პრემიერის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დასავლური სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს. რუსეთის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე დახარჯული თანხა დღესდღეობით ფედერალური ბიუჯეტის 40%-ზე მეტს შეადგენს, რის გამოც ვლადიმერ პუტინს მოუწია გადასახადების გაზრდა და სოციალური ხარჯების შემცირება ომის გასაგრძელებლად.

"პუტინის უახლესი შეტევები კიდევ ერთხელ აჩვენებს მის ნამდვილ სახეს — ომის მომწყობ მმართველს. მოვუწოდებთ მას, დაუყოვნებლივ დათანხმდეს სრულ, უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, რათა შესაძლებელი გახდეს მოლაპარაკებები სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობაზე. თუ ის კვლავ დააყოვნებს მშვიდობის მიღწევას, ჩვენ გავაორმაგებთ ძალისხმევას, რომ უკრაინამ თავი დაიცვას და ჩვენი სანქციებით პუტინის ომის მანქანა დავასუსტოთ," — განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში ასევე საუბარია ინდივიდუალურ სანქციებზე, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეს, ჯონ მაიკლ ორმეროდის შეეხება. მან 18 ხომალდი შეიძინა, რომლებიც რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტში" შედიოდა და ნავთობპროდუქტები გადაჰქონდა.

დიდი ბრიტანეთის განცხადებით, ისინი პარტნიორებთან ერთად ნავთობის ფასის ზედა ზღვრის გამკაცრებაზეც მუშაობს — არსებული 60 დოლარის ზღვარი შეიძლება შემცირდეს, რათა ფასი წარმოების ღირებულებას მიუახლოვდეს და პუტინის შემოსავლები კიდევ უფრო შემცირდეს.

ცნობისთვის, 14 ივნისს, რუსეთმა 273 დრონი გაუშვა უკრაინულ ქალაქებზე — რაც ყველაზე მასშტაბური დრონებით თავდასხმაა ომის განმავლობაში. სუმიში ავტობუსზე განხორციელებულმა დარტყმამ 9 მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.