რამდენ ხანში გადაშენდება კაცობრიობა, ბავშვები რომ აღარ დაიბადონ?

ფოტო: Getty Images
კაცობრიობის გადაშენებაზე ადამიანთა უმეტესობას რაიმე გლობალური კატასტროფა ახსენდება, თუმცა ეს დაგვემუქრება მაშინაც, თუ ბავშვები აღარ დაიბადებიან. წარმოიდგინეთ მსოფლიო, რომელშიც ხანდაზმულების რაოდენობა იმატებს, სიკვდილიანობაც ჩვეულებრივ ნიშნულზეა, მაგრამ ახალი თაობა ძველს არ ანაცვლებს.
ასეთ სცენარში ჩვენი სახეობის არსებობა დასასრულს ნელ-ნელა მიუახლოვდება. პირველ რიგში, ახალგაზრდების სიმწირის გამო სხვადასხვა მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად არასაკმარისი რაოდენობის ადამიანი იქნება. ეს მალევე საზოგადოებების ჩამოშლას გამოიწვევს, მაგალითად, საკვების წარმოება და ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა შეფერხდება, შიმშილის მწვავე პრობლემა დადგება და, საბოლოოდ, ცივილიზაცია განადგურდება.
ამის შესახებ ანთროპოლოგიის პროფესორი, მაიკლ ლიტლი, საუბრობს, რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში ადამიანთა ქცევას, ბიოლოგიასა და კულტურას იკვლევს. მისი ვარაუდით, თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ზემოთაა აღწერილი, კაცობრიობა მოსალოდნელზე სწრაფად გადაშენდება.
ზოგადად, 100 წელზე მეტხანს ძალიან ცოტა ადამიანი ცოცხლობს. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი სცენარის შემთხვევაში ერთ საუკუნეში დედამიწაზე ჩვენი სახეობიდან აღარავინ აღარ დარჩება. ლიტლის თქმით, ყველანაირი სირთულის გამო ეს უფრო სწრაფად შეიძლება მოხდეს — 70-80 წელში. მიზეზებად ის საკვების, სუფთა წყლის, მედიკამენტებისა და სხვა ისეთი პროდუქტების/სერვისების დეფიციტს ასახელებს, რომლებიც მსგავს სიტუაციაში გადასარჩენად დაგვჭირდებოდა.
მაინც რამ შეიძლება ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანოს?
პროფესორი მაგალითად მწერალ კურტ ვონეგუტის რომან "გალაპაგოსს" განიხილავს, რომელშიც ერთ-ერთ ასეთ სცენარს ვხვდებით. მასში გადამდები დაავადება რეპროდუქციული ასაკის ადამიანებში ვრცელდება და მათ განაყოფიერების უნარს აკარგვინებს, ანუ ბავშვის გაჩენა აღარავის შეუძლია. მეორე შესაძლო მოვლენა ბირთვული ომია, რომელიც წიგნებშიც და ფილმებშიც პოპულარული სიუჟეტური ხაზია. სხვა, შედარებით მსუბუქი, პოტენციური გამომწვევი მიზეზი განაყოფიერების პრობლემაა, რომლის გამოც ბავშვის გაჩენა მხოლოდ ზოგ ადამიანს შეეძლება — ალბათ, გეცნოთ მარგარეტ ეტვუდის "მხევლის წიგნში" არსებული დისტოპიური რეალობა.
ასეა თუ ისე, დღესდღეობით მსგავსი საფრთხე არ გვემუქრება, რადგან ჩვენი პოპულაციის რაოდენობა თანდათან იზრდება, თუმცა შენელებული ტემპით. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ 2080-იან წლებში ადამიანთა რიცხვი პიკს მიაღწევს — 10 მილიარდს. შედარებისთვის, ამჟამად 8.2 მილიარდი ვართ, 1974 წელს კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 4 მილიარდი იყო.
ტემპის შენელებაში ის იგულისხმება, რომ ხანდაზმულთა პოპულაცია ფართოვდება, მაგრამ ახალშობილების რაოდენობა იკლებს. მთავარი ბალანსის დაცვაა, რადგან ახალგაზრდები საზოგადოების საყრდენის ფუნქციას ასრულებენ. ასეთი ტენდენციის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ახლა წყვილებს ბევრი შვილის ყოლა ან არ უნდათ, ან ფინანსური თუ სხვა გამოწვევების გამო იკავებენ თავს. ჯერჯერობით ეს იმიგრაციის მეშვეობით კონტროლდება, მაგრამ ზოგან კულტურულ-პოლიტიკური შეზღუდვები ამის საშუალებას არ იძლევა. ასევე, კაცებში ფერტილურობა იკლებს, მაგრამ ამ ეტაპზე ესეც არაა სავალალო ნიშნულზე.
ამის მიუხედავად, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, რადგან დედამიწაზე ადამიანის არაერთი სახეობა გადაშენდა. ჩვენ, ჰომო საპიენსები, არსებობის სულ მცირე 200 000-წლიან ისტორიას ვითვლით, თუმცა, მაგალითად, ნეანდერტალელები დაახლოებით 40 000 წლის წინ გაქრნენ. როგორც ჩანს, ჩვენ გამრავლება და გადარჩენა მათზე უკეთ გამოგვივიდა და იმედია, ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
კომენტარები