ლაბრადორის ზღვის ნაპირიდან მეთევზემ უჩვეულო შეფერილობის აისბერგი შენიშნა — იგი მურივით შავი იყო. მან ყინულის მთას ფოტო გადაუღო და სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა.

სიტყვა "აისბერგის" გაგონებისას ალბათ წყალზე მოტივტივე ყინულის თეთრ ლოდს წარმოიდგენთ. სავარაუდოდ, თქვენს წარმოსახვაში აისბერგს ღია ცისფერი ან მოცისფრო მწვანე შეფერილობაც შეიძლება ჰქონდეს. ამისდა მიუხედავად, ყინულის ეს მთები, შესაძლოა, ბევრად მუქიც იყოს.

აისბერგების უმრავლესობა ჰაერის მცირე ბუშტუკებითაა სავსე. ისინი სინათლის ტალღის ნებისმიერ სიგრძეს განაბნევს. სწორედ ასეთი აისბერგებია თეთრი.

მეორე მხრივ, დროთა განმავლობაში ყინული უფრო მჭიდროვდება, რაც ჰაერს გამოდევნის. შედეგად მასში სინათლე მეტად აღწევს და აისბერგი თეთრის ნაცვლად გამჭვირვალე ხდება. ზოგ შემთხვევაში წითელი ტალღის სიგრძე შთაინთქმება, ლურჯი კი — განიბნევა. ასეთ აისბერგს მოცისფრო შეფერილობა ახასიათებს.

აისბერგი ხშირად მხოლოდ გაყინული წყლისგან არ შედგება. ზოგჯერ ყინულს სხვა მასალებიც ერევა. მაგალითად, მწვანე აისბერგი რკინის ოქსიდებს შეიცავს. რკინის ოქსიდი აისბერგს ბუნებრივად ყვითელ შეფერილობას აძლევს, მაგრამ რადგან ყინული ცისფერია, საბოლოოდ აისბერგი მომწვანო ჩანს.

ყინულის მთა შეიძლება შავი ან მუქი ნაცრისფერიც იყოს. ამას უმეტესად ჭუჭყის ან სხვა მასალის შერევა განაპირობებს. მეორე მხრივ კი, როგორც მეთევზე აღნიშნავს, მის მიერ შემჩნეული შავი აისბერგი ზემოთ აღწერილი შავი აისბერგისგან ძალიან განსხვავდებოდა.

გლაციოლოგი ლევ ტარასოვი (კანადის მემორიალური უნივერსიტეტი) კიდევ ერთ შესაძლო ახსნას გვთავაზობს: უჩვეულო შავი აისბერგი ოდესღაც უფრო დიდი მყინვარის ნაწილი იყო, რომელიც მოგვიანებით მოწყდა და ოკეანეში ჩავარდა. ზღვაში ჩავარდნამდე მყინვარი მიწას ედება, რის შედეგადაც უამრავ მტვერსა თუ ჭუჭყს იკრავს. ტარასოვმა მსგავსი რამ გრენლანდიაშიც დააფიქსირა.

გრენლანდიაში აღმოჩენილი შავი აისბერგი

ფოტო: Belbaiz/iStock/Getty Images Plus

"სავარაუდოდ, კანადაში შემჩნეულ აისბერგში მტვრის ასეთ თანაბარ შერევას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყინულის ეს მთა ძალიან ძველი უნდა იყოს — 1 000-იდან 100 000 წლამდე ასაკის", — აღნიშნა ტარასოვმა კანადურ სამაუწყებლო კომპანიასთან (CBC) ინტერვიუში.

შესაძლებელია ისიც, რომ აისბერგს ვულკანის ამოფრქვევით გაჩენილი ჭვარტლი შეერია. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, მუქი შეფერილობა მეტეორიტის დაჯახებით მიღებული მტვრის შედეგია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.