რატომაა იაპონიაში შუქნიშნის ფერი ლურჯი?
არის თუ არა ჩემი ლურჯი იგივე, რაც შენი ლურჯი?

ფოტო: Take Photo/Shutterstock.com
იაპონია სახასიათო ტრადიციებითა და უცნაური კულტურითაა განთქმული. ეს ქვეყანა დანარჩენ მსოფლიოს არც შუქნიშნის საკითხში ჰგავს.
1968 წელს გაერომ ხელშეკრულება შეადგინა — ვენის კონვენცია საგზაო ნიშნებისა და სიგნალების შესახებ. ქვეყნების უმრავლესობამ აღნიშნულ ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა. იაპონია (და, სხვათა შორის, აშშ) გამონაკლისი აღმოჩნდა.
ამომავალი მზის ქვეყანას დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებული საგზაო ნიშნები სწორედ ამიტომ აქვს. საერთაშორისო სტანდარტებიდან გადახვევა ყველაზე აშკარა მაშინაა, როცა საქმე შუქნიშანს ეხება — ხშირ შემთხვევაში აქ მწვანეს ნაცვლად ლურჯი ფერი ინთება.
შუქნიშნის ამ უჩვეულო ფერს ენობრივი თავისებურება განაპირობებს. კლასიკურ იაპონურ ენაში ლურჯის აღმნიშვნელი სიტყვა ცისფერ და მწვანე ფერებსაც აღნიშნავს. ეს შეგვიძლია იმას შევადაროთ, თუ როგორ ვიყენებთ ქართულში სხვადასხვა ფერის სახელს, მაგალითად, ვარდისფერს. ეს სიტყვა როგორც ღია, ასევე მუქ ვარდისფერს აღნიშნავს. სწორედ ასე მიიჩნევენ იაპონელები, რომ ცისფერი, ლურჯი და მწვანე უბრალოდ ერთი და იმავე ფერის განსხვავებული ვარიაციებია და მათ აღსანიშნავად სხვადასხვა ტერმინის არსებობა საჭირო არ არის.
თანამედროვე იაპონურში მწვანეს ცალკე სახელი უკვე დაერქვა. ამისდა მიუხედავად, ხალხი ამ ტერმინს იშვიათად თუ იყენებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ლურჯსა და მწვანეს შორის განსხვავების არარსებობა იაპონიაში ერთგვარი კულტურული სიამაყის წყაროდაა ქცეული.
საინტერესოა, რომ არსებობს ცნობილი ტესტი, რომლის გავლაც ონლაინ შეგიძლიათ. აქ ფერთა სპექტრს იხილავთ. თითოეული მათგანი ლურჯად/ცისფრად ან მწვანედ უნდა დაახარისხოთ. ტესტის შედეგები საოცარია: აღმოჩნდა, რომ ადამიანები ფერებს ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულად აღიქვამენ. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული სხვაობები მცირეა იმ ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ერთსა და იმავე მშობლიურ ენაზე საუბრობენ.
კომენტარები