დღეს ევროპარლამენტში საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობისა და ნეტგაზეთისა და ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებ დებატები გაიმართება, რომლის შემდეგაც რეზოლუციას მიიღებენ. ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ჯგუფის რეზოლუციას კენჭს 19 ივნისს უყრიან.

EPP ჯგუფის მიერ წარდგენილ რეზოლუცია 8 პუნქტისგან შედგება და საუბარია ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონებზე და სინდისის პატიმრებზე. ამას გარდა, რეზოლუცია გმობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლის, კოტე იოსელიანის "გატაცებას" და ამ საქმის სამართლიან გამოძიებას მოითხოვს.

რეზოლუციის ერთ-ერთი პუნქტი ეხება 21 წლის აქტივისტის, მათე დევიძის საქმეს, გმობს მის 4 წლითა და 6 თვით დაპატიმრებას და მოითხოვს მისი, ასევე ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას.

1). მწვავედ გმობს მმართველი ქართული ოცნების რეჟიმის სისტემურ შეტევას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე.

2). გმობს მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სასამართლო დევნას და მოითხოვს მის დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას, ასევე მის ჟურნალისტურ და სამოქალაქო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ბრალდების მოხსნას.

3). გამოთქვამს შეშფოთებას ჟურნალისტების წინააღმდეგ თვითნებური დაკავებების, ჯარიმების, დისკრედიტაციის კამპანიების, სამართლებრივი დევნისა და პოლიციური ძალადობის გახშირების გამო, რაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს;

4). გმობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლის, სავარაუდო, ძალადობრივ გატაცებასა და მისი შვილების უსაფრთხოების მიმართ მუქარას –– მოითხოვს დაუყოვნებელ და ეფექტიან გამოძიებას ამ ფაქტებზე, რათა არ დამკვიდრდეს დაუსჯელობის სინდრომი.

5). გმობს 21 წლის აქტივისტის, მათე დევიძის 4 წლითა და 6 თვით დაპატიმრებას და მოითხოვს მისი, ასევე ზურაბ "გირჩი" ჯაფარიძის, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას დაუყოვნებელ და უპირობო გათავისუფლებას.

6). კვლავ მოუწოდებს გააუქმონ რეპრესიული კანონმდებლობა, აღადგინონ დემოკრატიული სტანდარტები და უზრუნველყონ მედიის თავისუფლება და სამოქალაქო თავისუფლებები.

7). კვლავ მოუწოდებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, კოორდინირებულად დააწესონ ორმხრივი სანქციები ქართული ოცნების რეჟიმისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ, მათ შორის იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებაზე, პატიმრობაზე და სამართლებრივ დევნაზე.

8). ავალებს თავის პრეზიდენტს, გაუგზავნოს ეს რეზოლუცია ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, საბჭოს, კომისიას, წევრი სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს, ევროპის საბჭოს, ეუთოს და თვითგამოცხადებულ საქართველოს ხელისუფლებას.