ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მისი უწყება არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების კონფიდენციალური ინფორმაციას სთხოვს.

კუპრაშვილის განცხადებას "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია გამოეხმაურა და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოგზავნილი დოკუმენტი გამოაქვეყნა. მისი თქმით, რაჟდენ კუპრაშვილი ცრუობს. მოცემულ დოკუმენტში წერია, რომ ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციას ბენეფიციარებზე დეტალურ ინფორმაციას სთხოვს, მათ შორის ფოტო/ვიდეო მასალას.

"რაჟდენა ცრუობს, როცა ამბობს, რომ ბენეფიციარებზე ინფორმაცია არ მოუთხოვია საფარისთვის. იხილეთ სასამართლო ბრძანების ნაწილი და თქვენი თვალით ნახეთ, თუ არ წერია ბენეფიციარებზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნა.

არ ინერვიულოთ ჩვენო ძვირფასო ბენეფიციარებო, ჩვენ კონფიდენციალურობას სულ დავიცავთ და არავის ხელში არ ჩავუგდებთ თქვენს პირად ინფორმაციას. უფრო მეტიც, ინფორმაციის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია და ძალითაც ვერავინ მოიპოვებს! დაგიცავთ ბოლომდე!", — წერს ბაია პატარაია.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოგზავნილ დოკუმენტში წერია, რომ უწყებას უნდა გაეგზავნოს "ბენეფიციარების, მონაწილე პირების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მიღწეული შედეგები და აქტივობის ამსახველი ვიდეო/ფოტო მასალა".

"ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის აღწერილობის, მიზნის, განხორციელების თარიღის, ადგილის, დროის, ბენეფიციარების, მონაწილე პირების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მიღწეული შედეგებისა და აქტივობის ამსახველი ვიდეო/ფოტო მასალის მითითებით," — ვკითხულობთ დოკუმენტში.

პატარაიამ დღეს დილით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საფარმა" უკვე გაანადგურა მათი დაცვის ქვეშ მყოფების პერსონალური ინფორმაციას, რათა "თავიდან აერიდებინათ" მსგავსი მოთხოვნის შესრულება.

შეგახსენებთ, რომ ბრიფინგი არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ 17 ივნისს ანტიკორუფციულმა ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მოსთხოვეს.

ასევე იხილეთ: