სამხრეთ ფლორიდის ზოოპარკის ყველაზე ხანდაზმულმა ბინადარმა კვირას იზეიმა თავისი 135-ე დაბადების დღე — და ასევე პირველი მამების დღე.

გოლიათი, 234 კილოგრამიანი გალაპაგოსის კუ, რომელიც მაიამის ზოოპარკში ბინადრობს, ამ თვის დასაწყისში პირველად გახდა მამა.

"გოლიათი ჩემი გმირია და დარწმუნებული ვარ, ის მალე შთაგონება იქნება სხვებისთვისაც!" — ნათქვამია მაიამის ზოოპარკის სპიკერის, რონ მაგილის განცხადებაში. "ის ცოცხალი მტკიცებულებაა იმისა, რომ სურვილის შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია და არასოდეს უნდა დანებდე!"

ფოტო: Zoo Miami

ზოოპარკის განცხადებით,8 კვერცხიდან, რომელიც დედალმა კუმ 27 იანვარს დადო, ერთი წარმატებით გამოიჩეკა 4 ივნისს. ეს არა მხოლოდ გოლიათის პირველი შვილია, არამედ მაიამის ზოოპარკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა გადაშენების პირას მყოფი სახეობის რეპტილიამ გამრავლება შეძლო.

ფოტო: Zoo Miami

ადრე, ადამიანების მხრიდან გადაჭარბებული ნადირობისა და გალაპაგოსის კუნძულებზე მტრული სახეობების შემოყვანის გამო, კუების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. გალაპაგოსის კუებისთვის თანამედროვე საფრთხეებს კი კლიმატის ცვლილება და საცხოვრებლის დაკარგვა წარმოადგენს.

გოლიათის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ის გამოიჩეკა გალაპაგოსის სანტა კრუზის კუნძულზე 1885 და 1890 წლებს შორის, 15 ივნისს. ეს კუნძულთა ჯგუფი ეკვატორთან ახლოს, წყნარ ოკეანეში მდებარეობს, ეკვადორის სანაპიროდან ასეულობით მილის დაშორებით.

გოლიათი ბრონქსის ზოოპარკში 1929 წელს ჩავიდა, ხოლო მაიამის ზოოპარკში 1981 წელს გადმოიყვანეს. მას არაერთი მდედრობითი კუსთან ჰქონდა შეჯვარების მცდელობა, მაგრამ შთამომავალი აქამდე არ ჰყოლია. ახალგამოჩეკილი კუს დედა, სახელად სვიტ პი (Sweet Pea), სავარაუდოდ, 85-დან 100 წლამდეა.

გოლიათი და სვით პი

გოლიათი და სვით პი

ფოტო: Zoo Miami

ოფიციალური ინფორმაციით, ორივე მშობელი კარგად გრძნობს თავს საზოგადოებისთვის ღია საცხოვრებელში. ახალგამოჩეკილი კუ კი ჯანმრთელად გამოიყურება და იზრდება ცალკე ვოლიერში. ბუნებაში პატარა კუებს მშობლები არ ზრდიან.