კვლევითმა ექსპედიციამ დაადასტურა, რომ კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში აქამდე უცნობი კუნძულია. ის წყლის დონის კლების შედეგად გამოჩნდა.

ტერიტორია ჯერჯერობით უსახელოა. იგი კუნძულ მალი ჟემჩუჟნიდან 30 კილომეტრში მდებარეობს და ზღვის დონიდან ოდნავ მაღლაა ამოწეული. მისი ზედაპირი ნესტიანი და უმეტესწილად ბრტყელია. ასევე, ის ქვიშის ჭიუხებითაა დაფარული.

ასევე იხილეთ: კასპიის ზღვის დონე 9 მეტრით დაიკლებს — ეკოციდი გარდაუვალია

კასპიის ზღვა ევროპა-აზიის საზღვარზეა მოქცეული და მსოფლიოს უდიდესი ჩაკეტილი წყალსატევია. მისი ფართობი 371 000 კვადრატული კილომეტრია. ზღვის დონემ იქ 1930-იან და 1970-იან წლებში განსაკუთრებით დაიკლო. ამის მერე თითქოს აღდგა, მაგრამ დაახლოებით 2010 წლიდან კლება ისევ დაიწყო.

ამის ერთ-ერთი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, რადგან ზღვის დონე ნაწილობრივ წყლის აორთქლების მაჩვენებელზეა დამოკიდებული. კიდევ ერთი ფაქტორი ზღვის ფსკერზე მიმდინარე გარკვეული ტექტონიკური პროცესებია.

მეცნიერებმა ახალი კუნძულის არსებობაზე მინიშნებები ჯერ კიდევ 2024 წლის ნოემბრის სატელიტურ სურათებში შენიშნეს. წყლის სიღრმიდან ზედაპირზე ქვიშისა და დანალექის გროვა იყო ამოზრდილი. მიუხედავად ამისა, ეს იმის ზუსტი მტკიცებულება არ ყოფილა, რომ ახალ კუნძულს ახლო მომავალში ნამდვილად ვიხილავდით.

ბოლო ექსპედიციის ფარგლებში მკვლევრებმა კუნძულთან მიახლოება შეძლეს და მისი არსებობა დაამტკიცეს. არახელსაყრელი ამინდის გამო მათ ხმელეთზე დაშვება ვერ მოახერხეს. დრონით გადაღებულმა ფოტოებმა კუნძულის ზომა და რამდენიმე მახასიათებელი გამოავლინა. უფრო დეტალური აღწერისთვის დამატებითი კვლევებია საჭირო. სწორედ ამ მიზნით გუნდი კუნძულზე სტუმრობას 2025 წლის მეორე ნახევარში გეგმავს.

კუნძულს სახელს მაშინ დაარქმევენ, როცა მას ხელმეორედ ეწვევიან — მაგალითად, იმის მიხედვით, თუ იქ რაიმე უჩვეულო მახასიათებელს აღმოაჩენენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ რეგიონში მოღვაწე ისეთი ადამიანის სახელზე შეჯერდებიან, რომელსაც მნიშვნელოვანი სამეცნიერო ან კულტურული მიღწევები აქვს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.