ირანში ადამიანის თავის ქალა იპოვეს, რომელსაც კონუსის ფორმა აქვს

მეცნიერებმა ირანში მოზარდი გოგოს თავის ქალა აღმოაჩინეს, რომელსაც კონუსის ფორმა აქვს. როგორც ჩანს, მისთვის ფორმა განზრახ უნდა შეეცვალათ გოგოს სიცოცხლეში. არქეოლოგიური სამუშაოები დასავლეთ ირანის უძველეს სასაფლაოზე ჩატარდა. მკვლევრებმა — მაჰდი ალირეზაზადემ და ჰამედ ვაჰდათი ნასაბმა — აღმოჩენა ახალ ნაშრომში აღწერეს დეტალურად.
კრანიალური მოდიფიკაცია, ანუ თავის ქალის ცვლილება, არაერთ უძველეს ცივილიზაციაში თუ კულტურაში გვხვდება. ხალხი ამას განზრახ აკეთებდა. დამკვიდრებული ტრადიციების მიხედვით, ბავშვებს თავს ხშირად მჭიდროდ უკრავდნენ. ეს პრაქტიკა სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა მიზეზით იყო დამკვიდრებული. ადამიანები მოდიფიცირებულ თავის ქალას ხშირად სოციალური სტატუსის, სილამაზის, ინტელექტის ან კულტურული იდენტობის სიმბოლოდ აღიქვამდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკის სამიზნეები გოგოები უფრო ხშირად იყვნენ, ვიდრე ბიჭები.
მოზარდი გოგოს თავის ქალა სხვა ჩონჩხებთან ერთად ჩეგა-სოფიის სასაფლაოზე აღმოაჩინეს. აქ როგორც ცალკეული, ასევე საერთო საფლავები გვხვდება. ამ ადგილას არქეოლოგიური გათხრები უკვე 10 წელზე მეტია მიმდინარეობს. საინტერესოა, რომ ადრე აქ ჩვენთვის ცნობილი უძველესი აგურის საფლავიც აღმოაჩინეს.
გოგო, რომელსაც თავის ქალა ეკუთვნოდა, სიკვდილის დროს 20 წლამდე ასაკის უნდა ყოფილიყო. მას თავს ბავშვობიდან უკრავდნენ მჭიდროდ. სწორედ ამიტომაა მისი თავის ქალა კონუსის ფორმის. კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შემდეგ მკვლევრებმა ძვლების დეფორმაციაც დააფიქსირეს — მათი უმეტესობა ჩვეულებრივზე თხელი იყო. შესაბამისად, გოგოს თავის ტრავმის მიღების რისკი უფრო მაღალი ჰქონდა.
დადგინდა ისიც, რომ გოგო სწორედ თავის ტრავმამ იმსხვერპლა — მისი თავის ქალა მთლიანად იყო გაბზარული, შეხორცების ნიშნები კი არსად ჩანდა. მკვლევრების ვარაუდით, დაზიანება შეიძლება ფართოპირიანი საგნის დარტყმას გამოეწვია. უნდა აღინიშნოს, რომ ძვალი გახვრეტილი არ ყოფილა. მეორე მხრივ, ძვლების სისქის შემცირება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დარტყმას ტვინამდე მიეღწია.
გოგოს სხეულის დანარჩენი ძვლები ჯერ ვერ იპოვეს, რადგან სამარხში ძალიან ბევრი ჩონჩხია. კვლევა გამოცემაში International Journal of Osteoarchaeology გამოქვეყნდა.
კომენტარები