ჩინგიზ-ყაენი — ავად თუ კარგად, მონღოლთა ამ ძლევამოსილმა ლიდერმა ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ის ბაიკალის ტბასთან ახლოს მცხოვრებ ტომში დაიბადა და მას თემუჩინი დაარქვეს, თუმცა მოგვიანებით კაცობრიობას თავი სულ სხვა სახელით დაამახსოვრა. იგი გახდა ყაენი, რომელმაც უდიდესი იმპერია შექმნა: ჩინეთის აღმოსავლეთ კიდიდან ადრიატიკის ზღვამდე.

ვარაუდობენ, რომ მონღოლთა ურდოების შემოსევებს ევრაზიაში დაახლოებით 40 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მათ 115-მილიონიანი პოპულაციის თითქმის 30% ამოწყვიტეს, რასაც, შესაძლოა, ნახშირბადის გლობალური ემისიებიც კი შეემცირებინა.

და მაინც, არის კიდევ ერთი რამ, რითაც ჩინგიზ-ყაენი დღესაც განხილვის საგანია. კერძოდ, არსებობს მოსაზრება, რომ ამჟამინდელი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მისი შთამომავალია. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

რას ამბობს გენეტიკა ჩინგიზ-ყაენის შთამომავლობაზე

ამ საკითხის აქტიურად განხილვა 2003 წელს დაიწყო, როცა მასშტაბური გენეტიკური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. მეცნიერებმა აზიაში 16 პოპულაციის დნმ შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ყოველ 12 კაცში 1 უჩვეულო Y ქრომოსომას იზიარებდა — სავარაუდოდ, ჩინგიზ-ყაენისას.

რისი მიხედვით დაასკვნეს ეს სპეციალისტებმა? ამისთვის მეცნიერული და ისტორიული მონაცემები გამოიყენეს. მაგალითად, ეს მოსახლეობის ბუნებრივ ზრდას ვერ მიეწერება, რადგან ასე რამდენიმე პოპულაციის მრავალ მემკვიდრეობით ხაზში ერთი და იგივე მახასიათებლები უნდა ყოფილიყო, თანაც მაღალი სიხშირით. სტატისტიკურმა ანალიზმა აღნიშნული Y ქრომოსომის შემთხვევითობის პრინციპით ჩამოყალიბება გამორიცხა, რადგან ამის შანსი 10 ოქტოსეპტუაგინტილიონში (237 ნული) დაახლოებით 1 იყო.

ფოტო: Nordisk familjebok

მეორე პოტენციური ახსნა ბიოლოგიური სელექციაა. ამის მიუხედავად, მეცნიერები ამბობენ, რომ Y ქრომოსომაში გენების მცირე რაოდენობა და მათი სპეციალიზებული ფუნქციები ამგვარი სელექციისთვის დიდ შესაძლებლობას არ ტოვებს. შესაბამისად, საჭიროდ მიიჩნიეს, რომ ალტერნატიულ მიზეზზე ემსჯელათ — ისეთზე, რომელიც ბიოლოგიაზე უფრო მტკიცეც შეიძლება იყოს. ეს კულტურაა, რომელსაც გენეტიკურ მრავალფეროვნებასა და ადამიანთა პოპულაციების მრავალგვარობაზე დიდი გავლენა აქვს.

"ეს პირველი დოკუმენტირებული შემთხვევაა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ასეულ წელში ადამიანთა კულტურის მიერ ერთი გენეტიკური ხაზის ამგვარად გავრცელებას აღწერს", — განაცხადეს მაშინ ნაშრომის ავტორებმა.

მარტივად რომ ვთქვათ, ჩინგიზ-ყაენი (მისი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილებიც) "გენეტიკურად შესაბამისად" მხოლოდ სიძლიერის გამო კი არ მიიჩნიეს, არამედ მისი სტატუსის გამო. საქმე ისაა, რომ ურდოების შესევისას სამომავლო თაობების პოტენციური გენეტიკური მასალა მოსახლეობასთან ერთად ნადგურდებოდა, პარალელურად კი თემუჩინის ოჯახი აზიის უდიდეს ნაწილს საკმაოდ გვიანდელ პერიოდამდე განაგებდა.

ამის გათვალისწინებით, გენეტიკური ხაზის კვლევამ აჩვენა, რომ მონღოლთა ძველი იმპერიის რეგიონში კაცების დაახლოებით 8%-ს (ანუ მსოფლიოს მასშტაბით 200-ში 1 კაცს) საერთო წინაპარი ჰყავდა. ლოგიკის, სტატისტიკისა და ისტორიული ფაქტების მიხედვით, ეს ადამიანი სწორედ ჩინგიზ-ყაენი იყო.

რამდენი შვილი ჰყავდა ჩინგიზ-ყაენს?

ფოტო: Numeral Paint Kit

ოფიციალურად ჩინგიზ-ყაენს პირველ ცოლთან, ბორტესთან, 9 შვილი ჰყავდა: 4 ბიჭი და 5 გოგო. ამის მიუხედავად, ეს რაოდენობა, სავარაუდოდ, ბევრად მეტი იყო, ანუ თემუჩინს თითქმის დანამდვილებით ჰქონდა შესაძლებლობა, რომ 16 მილიონამდე ადამიანის წინაპარი გამხდარიყო. ისინი 9 წლის ასაკში დაქორწინდნენ, მაგრამ, წყაროების თანახმად, ცოლ-ქმრული ურთიერთობა 7 წელი არ ჰქონიათ.

ჩინგიზ-ყაენის სხვა ცოლები იყვნენ: ესუგენი და მისი და ესუი, ხულანი, მიგე-ხათუნი (არა ცოლი, არამედ კონკუბინა), იბახა-ბეკი და ჯუერბიესუ. იმასაც ვარაუდობენ, რომ მათ გარდა ჩინგიზ-ყაენს კიდევ 500-მდე კონკუბინა ჰყავდა, ანუ მათთან ქორწინების გარეშე ჰქონდა ურთიერთობა. ისინი ძირითადად დაპყრობილი ტერიტორიებიდან მიჰყავდათ და წარჩინებული ოჯახის შვილები ან პრინცესები იყვნენ. შესაბამისად, ყაენის შვილების რაოდენობაც, შესაძლოა, ამდენივე ყოფილიყო, თუმცა ამას ვერ დავადასტურებთ.

მონღოლეთის ისტორიის მცოდნე, დევიდ მორგანი, 2003 წელს აცხადებდა, რომ შვილების ასეთი მრავალრიცხოვნება სრულიად შესაძლებელი იყო. მან მაგალითად ყაენის უფრო ვაჟი ჯუჩი დაასახელა, რომელსაც 40 შვილი ჰყავდა.

ჰყავს თუ არა კიდევ ვინმეს ამდენი შთამომავალი?

2005 წლის კვლევამ კიდევ სხვა Y ქრომოსომური ხაზი გამოავლინა, კერძოდ აღმოსავლეთ აზიაში. ის 30-ში 1 კაცში დააფიქსირეს, რაც პოპულაციის გათვალისწინებით ბევრად ნაკლებია, ვიდრე ჩინგიზ-ყაენის შემთხვევაში, თუმცა მაინც მნიშვნელოვან რაოდენობაა.

ეს მემკვიდრეობითი ხაზი 500 წლის წინ წარმოიქმნა — იმ დროს, როცა ჩინეთში მინისა და ცინგის დინასტიებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობდა. ცინგის დინასტია ნურხაციმ დააარსა (1559–1626) და იქ სწორედ ცინგის იმპერიული დიდგვაროვნები დომინანტობდნენ — მემკვიდრეობითი კლასი, რომელშიც მამის მხრიდან მისი ბაბუის, ჯიოჩანგის, კაცი შთამომავლები შედიოდნენ. დინასტიის მთელი ისტორიის განმავლობაში მათი ოფიციალური რაოდენობა 80 000 იყო. დიდი უნდა ყოფილიყო კონკუბინების რაოდენობაც, რის შედეგადაც, მეცნიერთა ვარაუდით, მანჩუს მემკვიდრეობითი ხაზი მივიღეთ.

2006 წელს მეცნიერება კიდევ სხვა Y ქრომოსომის მატარებელი ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელიც შუა აღმოსავლეთიდან ირლანდიის დასავლეთ სანაპირომდე ვრცელდებოდა. იქ ეს გენეტიკური "ნიშანი" 5-დან 1 კაცს ჰქონდა, მათ საერთო წინაპრად კი ნახევრად ლეგენდარული ნიალ ნოიალაქსი მიიჩნიეს, რომელმაც, წყაროების თანახმად, ირლანდიაში უი ნეილის დინასტიას ჩაუყარა საფუძველი.

აზიაში არის კიდევ რამდენიმე მემკვიდრეობითი ხაზი, რომლებსაც უბრალოდ ვერცერთ პიროვნებასთან აკავშირებენ. ამის მიუხედავად, მასშტაბურობით ჩინგიზ-ყაენთან ვერავინ მივა. მაინც გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მისი დნმ შემორჩენილი არაა. შესაბამისად, თუ ოდესმე მის ნაშთებს მივაგნებთ, ბევრ კითხვაზე შევძლებთ პასუხის გაცემას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.