რატომ ჰგვანან ძაღლები თავიანთ პატრონებს?

ფოტო: Txema_Gerardo/Getty Images
თუ ძაღლი გყავთ, ალბათ, თქვენსა და თქვენს შინაურ ცხოველს შორის მსგავსებებზე ხშირად დაფიქრებულხართ. პატრონთან გარეგნულ და ხასიათობრივ თვისებებს, ერთი შეხედვით, ბევრი ძაღლი იზიარებს და მეცნიერები ამ საკითხს აქტიურად იკვლევენ.
იმის გაგება, თუ რატომ და როგორ ემგვანებიან ძაღლები თავიანთ პატრონებს, ძალიან საინტერესო შედეგებამდე მიგვიყვანს. ეს დაგვეხმარება გავიგოთ, რამდენად დიდ როლს ასრულებს ფიზიკური და პიროვნული თვისებების მსგავსება ადამიანებისა და ძაღლების ურთიერთობის ხარისხში.
მეცნიერებმა ამის შესახებ ვრცელი ნარკვევი მოამზადეს, რომელიც 15 დამოუკიდებელი ნაშრომის შედეგებს მოიცავს. ეს კვლევები მიუთითებს, რომ ძაღლები და მათი პატრონები, შესაძლოა, ისეთ თვისებებს იზიარებდნენ, როგორებიცაა: ექსტრავერსია, შფოთვა და ენერგიულობის დონე.
გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ზოგიერთი ადამიანი განზრახ ირჩევს ისეთ ძაღლს, რომელიც მას ფიზიკურად ჰგავს. ეს განსაკუთრებით ხშირად სუფთა ჯიშის ძაღლის არჩევისას ხდება. საინტერესოა, რომ კავშირი არსებობს ქალების თმის სიგრძესა და მათი ძაღლების ყურების სიგრძეს შორისაც. კვლევის თანახმად, მოკლეთმიან ქალებს მოკლე ყურების მქონე ჯიშის ძაღლები ურჩევნიათ.
სხვა კვლევაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ პატრონებსა და ძაღლებს შორის მსგავსება განსაკუთრებით თვალის არეში შეინიშნება. ზოგიერთი მეცნიერი კი პატრონების სხეულის მასის ინდექსსა (BMI) და მათი ძაღლების ჭარბი წონის ხარისხს შორის კორელაციაზე მიუთითებს. შესაძლოა, ეს საერთო ცხოვრების წესთან იყოს დაკავშირებული.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კვლევების უმეტესობა პატრონების პასუხებით შედგენილ კითხვარებზეა დამოკიდებული, ანუ შედეგები უმეტესწილად პატრონების აღქმას ასახავს.
ამის მიუხედავად, სპეციალისტთა ერთმა ჯგუფმა მონაწილეებს სთხოვა, რომ ძაღლებისა და მათი პატრონების ფოტოების შედარების გზით ეთქვათ, რომელი ძაღლი ვის ეკუთვნოდა. საინტერესოა, რომ მონაწილეებმა წყვილების უმეტესობის სწორად გამოცნობა შეძლეს. ეს ფაქტი მოწმობს, რომ მსგავსება შეიძლება მხოლოდ პატრონის პირადი აღქმიდან არ მომდინარეობდეს.
საინტერესოა, რატომ ხდება ასე?
ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, მიზეზი ჩვენი ევოლუციური ისტორიაა. ადამიანები, ყოველთვის ჩვენს მსგავს არსებებთან ურთიერთობას ვამჯობინებდით, რადგან ასეთ შეკრულ და პროგნოზირებად ჯგუფებში ყოფნა თანამშრომლობისა და გადარჩენის ალბათობას ზრდიდა. ეს ქცევა, როგორც ჩანს, დღემდე შემოგვრჩა და მეგობრადაც ისეთ ადამიანს ვირჩევთ, რომელიც ხასიათით გვგავს და ჩვენნაირ ღირებულებებს იზიარებს. მსგავსი მექანიზმები მოქმედებს ძაღლებთან ურთიერთობაშიც.
პიროვნული მსგავსების სხვა ახსნა შეიძლება პატრონებსა და მათ ძაღლებს შორის ემოციურ კავშირთან იყოს დაკავშირებული. ეს გულისხმობს, რომ თუ ადამიანი რაიმე ქცევისკენაა მიდრეკილი, ძაღლიც იმავე ქცევას გაიმეორებს. ეს ხშირად სრულიად ბუნებრივად ხდება, წინასწარი დაფიქრების გარეშე. ამავდროულად, ადამიანებსა და ძაღლებს შორის მყარმა ემოციურმა კავშირმა შეიძლება დროთა განმავლობაში ურთიერთმსგავსი პიროვნული მდგომარეობა ჩამოაყალიბოს.
პატრონები და ოთხფეხა მეგობრები ერთმანეთს ჰგვანან თუ არა, მათ მაინც შეუძლიათ, რომ იდეალურად იურთიერთონ. წარმოიდგინეთ მხიარული და ენერგიული ძაღლი, რომელიც თავშეკავებულ ან ინტროვერტ ადამიანთან ცხოვრობს. ძაღლის ენერგიას შეუძლია, რომ ადამიანი წაახალისოს და უფრო გაააქტიუროს, რაც ჯანსაღი ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს (მაგალითად, სეირნობას). საყვარელ ძაღლთან სიხარულის, იმედგაცრუების ან, თუნდაც, სევდის გაზიარებამ ემოციური მხარდაჭერის შეგრძნებაც შეიძლება მოგვცეს.
ისევე, როგორც ადამიანურ ურთიერთობებში, მსგავსება სულაც არ არის ის, რაც გვაერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსება გარკვეულ როლს ასრულებს, ზოგჯერ ის ნაკლებად მნიშვნელოვანია. ყველაზე მთავარი კავშირი, მხარდაჭერა და თანადგომაა, რომელიც განსხვავებების მიუხედავად ურთიერთგაგების შენებაში გვეხმარება.
მიმოხილვა გამოცემაში Personality and Individual Differences გამოქვეყნდა.
კომენტარები