ადამიანის კანზე მილიონობით მიკროორგანიზმი — ძირითადად ბაქტერიები, სოკოები და ვირუსები — ბინადრობს. სახეზე არსებული თმა მათ გასამრავლებლად იდეალურ პირობებს უქმნის და, კვლევების მიხედვით, წვერი მრავალგვარი ბაქტერიების პოპულაციებს "მასპინძლობს".

ეს ფაქტი აძლიერებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახის თმა ბუნებრივად არაჰიგიენურია. როგორც The Washington Post-მა დაწერა, ზოგიერთ ტუალეტშიც კი, შესაძლოა, უფრო ნაკლები ბაქტერია იყოს, ვიდრე წვერშია. საინტერესოა, მართლაც არის თუ არა ის საფრთხის შემცველი ჰიგიენური თვალსაზრისით?

პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ კანზე მიკრობული პოპულაცია ადგილმდებარეობის მიხედვით განსხვავდება და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ტემპერატურა, წყალბადის მაჩვენებელი, ტენიანობა და საკვები ნივთიერებების ხელმისაწვდომობა. წვერი თბილ და ხშირად ნოტიო გარემოს ქმნის, სადაც საკვების ნარჩენები და ცხიმები გროვდება. ეს მიკრობების ზრდის პროცესის ხელშესაწყობად იდეალურია.

მკვლევართა ნაწილის აზრით, წვერი არაჰიგიენურია და ინფექციების განვითარების რისკს ზრდის.

ფოტო: Warner Bros

მიკრობები მხოლოდ იმის გამო არ მრავლდებიან, რომ წვერი თბილ და ნოტიო პირობებს უზრუნველყოფს. ისინი ახალი დამაბინძურებლებისა და მიკრობების ზემოქმედებას მუდმივად ექვემდებარებიან, განსაკუთრებით კი ხელებიდან, რომლებიც სხვადასხვა ზედაპირსა და სახეს ხშირად ეხება.

უფრო ადრე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სახის თმა ბაქტერიებსა და მიკრობებს დაბანის შემდეგაც კი ინარჩუნებს. ამის გამო გაჩნდა და დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ წვერი "ბაქტერიების რეზერვუარია" და ინფექციის წარმოქმნის რისკს შეიცავს.

ჯანდაცვის სექტორში მომუშავე სპეციალისტებში წვერი ზოგჯერ პრობლემურ საკითხად განიხილება — განსაკუთრებით საავადმყოფოებში, რადგან პაციენტებისთვის პათოგენების გადადება ზოგჯერ ფატალურად სრულდება.

ერთ-ერთი ნაშრომის მიხედვით, წვერიან მედპერსონალს სახეზე უფრო მეტი ბაქტერია ჰქონდა, ვიდრე წვერგაპარსულ თანამშრომლებს. ამის მიუხედავად, სხვა კვლევამ ასეთი სხვაობა ვერ გამოავლინა. ასევე დადგინდა, რომ წვერიან ექიმებს ნაკლებად ჰქონდათ ბაქტერია Staphylococcus aureus, რომელიც საავადმყოფოს ინფექციების მთავარი გამომწვევი მიზეზია. არ დაფიქსირდა ინფექციის რისკის მატება იმ პაციენტებშიც, რომლებსაც წვერიანი ქირურგები მკურნალობდნენ.

სხვა კვლევით ცდილობდნენ გაერკვიათ, უსაფრთხოა თუ არა ძაღლებისა და ადამიანების მიერ ერთი და იმავე მაგნიტურ-რეზონანსული სკანერით სარგებლობა. აღმოჩნდა, რომ კაცის წვერში ბევრად მეტი მიკრობი და პათოგენური ბაქტერია იყო, ვიდრე ძაღლის ბეწვში.

წვერი ზოგჯერ სტრეპტოდერმიის გავრცელებას უწყობს ხელს და, შესაძლოა, მასში ბოქვენის ტილიც სახლობდეს.

ფოტო: Science Photo Library / Alamy Stock Phot

წვერი ზოგჯერ შეიძლება კანის ინფექციების, მაგალითად სტრეპტოდერმიის, გავრცელებას უწყობდეს ხელს. ის ხშირად სწორედ Staphylococcus aureus-ის მიერ არის გამოწვეული, რომელიც სახის თმაში ბუდობს. იშვიათად წვერში, წარბებსა და წამწამებში ზოგი პარაზიტიც შეიძლება აღმოჩნდეს, მაგალითად ბოქვენის ტილი (რომელიც ჩვეულებრივ საზარდულის არეში ცხოვრობს). ეს უფრო მაშინ ხდება, როცა ჰიგიენა არაა დაცული ან ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტი გვაქვს.

სახის კანი, რომელიც სისხლძარღვებით, ნერვული დაბოლოებებითა და იმუნური უჯრედებითაა მდიდარი, ძალიან მგრძნობიარეა როგორც მიკრობული, ისე გარე ფაქტორების მიმართ. როცა წვერში მკვდარი უჯრედები, ცხიმები, საკვების ნარჩენები და დამაბინძურებლები გროვდება, ისინი კანს აღიზიანებს. ასევე, ბაქტერიებისა და სოკოების "საკვებად" იქცევა.

ექსპერტები წვერისა და სახის ყოველდღიურ დაბანას კატეგორიულად გვირჩევენ. ეს პროცესი ჭუჭყს, ცხიმებს, ალერგენებსა და მკვდარ კანს აშორებს, რაც მიკრობების დაგროვებას უშლის ხელს. დერმატოლოგები წვერის ხშირ დატენიანებასაც გვირჩევენ, რათა გამოშრობა ავიცილოთ თავიდან. აგრეთვე ნარჩენების მოსაშორებლად გამოსადეგია წვერის სავარცხლის გამოყენება და რეკომენდებულია წვერის პერიოდულად შემოკლებაც. ეს რჩევები არა მხოლოდ ჰიგიენის, არამედ ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც გვეხმარება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.