ამ პრეისტორიული გარეგნობის ფრინველს დინოზავრის მსგავსი ფეხები აქვს — სამხრეთული კაზუარი

ფოტო: LA Zoo
სამხრეთული კაზუარი ერთ-ერთი ყველაზე პრეისტორიული გარეგნობის მქონე ფრინველია. შთამბეჭდავი ზომის, ნათელი შეფერილობისა და ძლიერი, მტაცებლური ფეხების გამო მას ხშირად დინოზავრს ადარებენ. სწორედ ამ თვისებებმა მოუპოვა მას "მსოფლიოს ყველაზე საშიში ფრინველის" წოდება.
სამხრეთული კაზუარი ტროპიკულ წვიმიან ტყეებში ბინადრობს. ის ავსტრალიაში ყველაზე მძიმე ფრინველია, რომელსაც ფრენა არ შეუძლია. მსოფლიოში კი მასზე მძიმე მხოლოდ სირაქლემაა (Struthio camelus). კაზუარები სიმაღლეში 1.7 მეტრამდე იზრდებიან და უტროპო ფრინველთა ჯგუფს ეკუთვნიან. მასში ასევე შედიან სირაქლემები, ემუები და კივები.
სან დიეგოს ზოოპარკის წარმომადგენლების თქმით, ნამარხი მტკიცებულებები და გენეტიკური კვლევები აჩვენებს, რომ კაზუარები გარკვეული ფორმით მილიონობით წელია არსებობენ. მათ ყველაზე ძველი შესახედაობის ფეხები აქვთ. თითოეულზე სამი თითით და ბასრი ბრჭყალებით, რომლებიც 12 სანტიმეტრამდე იზრდება. კაზუარს შეუძლია, ძლიერი დარტყმებით სერიოზული დაზიანება მიაყენოს მტერს, მათ შორის, ადამიანებს. მათი ფეხები კუნთიანია, შესაბამისად, სწრაფად და ძლიერად მოძრაობა შეუძლიათ, რისი წყალობითაც ნიანგისა და პითონების მსგავს მტაცებლებს შთამბეჭდავად ესხმიან თავს.
კაზუარები გარეგნულადაც გამორჩეულად და უჩვეულოდ გამოიყურებიან. მათი თავი და კისერი შიშველია, მოცისფრო-მოწითალოდ შეფერილი. სხეული შავ, უხეშ ბუმბულშია დაფარული, რომელიც ტრადიციული ფრინველისას არ ჰგავს და უფრო თმას მოგვაგონებს. ეს საფარი მათ ბასრი ეკლებისა და ტოტებისგან იცავს.
ამ გიგანტურ ფრინველებს კაშკაშა ფერების მქონე ბიბილო აქვთ, რომელიც მათ სოციალური სიგნალების გადაცემაში ეხმარება. მაგალითად, თუ კაზუარი თავისა და ბიბილოს ქნევასა იწყებს, ეს შეიძლება აგრესიის ნიშანი იყოს. ფრინველს ასევე თავზე ჩაფხუტის მსგავსი წარმონაქმნი აქვს, რომელიც მას სიცივეში სითბოს შენარჩუნებაში შეიძლება, ეხმარებოდეს. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ის მათი დაბალი სიხშირის ხმებს აძლიერებს და სწორად მიმართავს. შედეგად მათ დიდ მანძილზე ურთიერთობის საშუალება აქვთ.
სხვა მრავალი ცხოველისგან განსხვავებით, კაზუარებში შთამომავლობაზე ზრუნვა მამლებს ევალებათ. ისინი კვერცხებზე დაახლოებით 50 დღის განმავლობაში სხედან და გამოჩეკის შემდეგ შვილებზე კიდევ დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში ზრუნავენ.
მიუხედავად იმისა, რომ მათ "მსოფლიოს ყველაზე საშიშ ფრინველებს" უწოდებენ, კაზუარები, როგორც წესი, მორიდებული და ფრთხილი არსებები არიან. ისინი ცდილობენ, კონფლიქტსა და ადამიანებთან შეხებას თავი აარიდონ. გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება თავს დაესხნენ მათ, თუ ისინი ზედმეტად მიუახლოვდებიან ან საფრთხედ აღიქმებიან.
2019 წელს ფლორიდაში კაზუარმა კაცი მოკლა, რომელსაც ფრინველი მოშინაურებული ჰყავდა. ეს პირველი ლეტალური შემთხვევა იყო თითქმის 100 წლის განმავლობაში.
კომენტარები