კინოდაჯილდოება ელისო წელს მეორედ იმართება. ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიური ექვს კატეგორიაში გამარჯვებულებს 14 ივნისს, დაასახელებს.

ელისოს დაარსების დღიდან, კინოპრემიის უცვლელი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორია თიბისი. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან: კოკა-კოლა და სიტროენი. მხარდამჭერები — სარაჯიშვილი, რუმს ჰოტელი და ვაზისუბნის მამული.

წელს, ელისოს შთამბეჭდავი ჟიური ჰყავს, გთავაზობთ მცირე ინფორმაციას ჟიურის წევრების შესახებ:

კარლოს რეიგადასი — მექსიკელი რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი. კანის კინოფესტივალის სამი სხვადასხვა პრემიის ლაურეატი. 2025 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი.

აგნეშკა ჰოლანდი — პოლონელი რეჟისორი/სცენარისტი/პროდიუსერი.
2020–2024 წლებში ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი. ოსკარზე ნომინირებული რეჟისორი, ოქროს გლობუსის, ვერცხლის დათვისა და 2023 წელს, ვენეციის ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი.

სალომე კიკალეიშვილი — კინოკრიტიკოსი/ჟურნალისტი. კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია — ფიპრესის (FIPRESCI) წევრი. ევროპის კინოაკადემიის ჯილდოს — ევროპული აღმოჩენა Prix Fipresci კომისიის წევრი.

ელენე ნავერიანი — რეჟისორი/სცენარისტი. Swiss Film Awards-ისა და სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი ფილმისთვის — შაშვი შაშვი მაყვაი“. 2024 წლის ელისოს საუკეთესო ფილმის ნომინაციის გამარჯვებული.

ტომას ჰაკიმი — პროდიუსერი საფრანგეთიდან. 2024 წლის კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი ფილმის პროდიუსერი.
2025 წლის ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი.

ანგელიკი პაპულია — ბერძენი მსახიობი და თეატრის რეჟისორი. სარაევოს კინოფესტივალის საუკეთესო მსახიობის ჯილდოს მფლობელი.

დიტო ცინცაძე — რეჟისორი/სცენარისტი. ლოკარნოს კინოფესტივალის ვერცხლის ლეოპარდის, სან-სებასტიანის ოქროს ნიჟარისა და თბილისის კინოფესტივალის ოქროს პრომეთეს არაერთგზის მფლობელი.

შეგახსენებთ, რომ პრემია ელისო ნატო ვაჩნაძის ფონდის პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ხელოვნების, განსაკუთრებით კი, კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობაა.