აშშ-ის მხრიდან 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანის მიმართ განხორციელებული ყველაზე მასშტაბური სამხედრო შეტევის ფონზე, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი მოსკოვში გაგზავნა, რათა ვლადიმერ პუტინისგან უფრო ძლიერი მხარდაჭერა მოეთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ისრაელმა საჯაროდ გამოთქვეს მოსაზრება ხამენეის ლიკვიდაციისა და ირანში რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაზე — რაც რუსეთის აზრით, კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. პუტინმა დაგმო ისრაელის ავიადარტყმები, თუმცა ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმაზე. გასულ კვირას მან მხოლოდ სიმშვიდისკენ მოუწოდა მხარეებს და შეთავაზება დადო ბირთვული პროგრამის შესახებ მედიატორის როლზე.

Reuters-ის ინფორმაციით, არაღჩის მიზანი ხამენეის წერილის პუტინისთვის გადაცემა იყო, რომელშიც ირანი რუსეთისგან მხარდაჭერას ითხოვს. ირანულმა წყაროებმა სააგენტოს აცნობეს, რომ თეირანი ამ დრომდე უკმაყოფილოა კრემლის მიერ გამოხატული მხარდაჭერის დონით და მოსკოვისგან უფრო მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ელის აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ. წყაროები არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რა სახის დახმარება სურს თეირანს.

რუსეთი თეირანის ხანგრძლივი პარტნიორია და ბირთვულ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს ვეტოს უფლების მქონე წევრი და იმ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მონაწილე, რომელიც ტრამპმა 2018 წელს გააუქმა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ირანთან 20-წლიანი სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა და უკრაინაში ომისთვის იარაღიც შეიძინა თეირანისგან, მათ შორის ურთიერთობა ისტორიულად სირთულეებით გამოირჩევა და მათ თანამშრომლობის ხელშეკრულებას თავდაცვის შესახებ მუხლი არ აქვს.