6 ივნისს, ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფრაქციამ სამართლებრივი დავა დაიწყო და შსს-ში საჩივარი შეიტანა იმ პირებისადმი, რომლებმაც პარტიის წევრებისადმი "შეურაცხმყოფელი ქმედებები განახორციელეს".

"უცხოეთიდან დაფინანსებული ექსტრემისტები არ ერიდებიან უშვერი სიტყვებით ლანძღვას, მუქარას, ბულინგს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების შეურაცხყოფას, რამაც, როგორც აღვნიშნეთ, იმდენად მასშტაბური და სისტემური ხასიათი მიიღო, რომ ტერორზე რეაგირება არა მხოლოდ ჩვენი უფლება, არამედ ვალდებულებაა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2025 წლის თებერვლიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

შესაბამისად, ფრაქცია ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ჩვენი ფრაქციის წევრთა წინააღმდეგ, გარედან დაფინანსებული სიძულვილის ენის კამპანიის პასუხად, ვიწყებთ სამართლებრივ დავას და შემდგომი რეაგირებისთვის საჩივრით მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში დესტრუქციული, უკიდურეს შეურაცხყოფაზე დამყარებული, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ მიმართული ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება," — განაცხადა კირცხალიამ.

შემდეგ, ოცნების დეპუტატმა დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება არამხოლოდ საჯარო სივრცეებში მომხდარ ინციდენტებს, არამედ სოციალურ ქსელებში პარტიის კრიტიკის შემცველ განცხადებების ავტორებსაც შეეხებათ. კირცხალიამ ჟურნალისტებს არ უპასუხა კითხვაზე, თუ რამდენ პიროვნებას უჩივიან.

"ეს საჩივარი, რომელიც დღეს შევა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეხება სოციალურ ქსელში იმ უბინძურეს გამონათქვამებს, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. თითოეული ადრესატი საჩივარშია გაწერილი. როგორც კი მიუვათ უწყებები, ისინი თვითონ გამოგეხმაურებიან მედიას," — თქვა კირცხალიამ.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში თებერვალში შესული ცვლილებით, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით.

ოცნების წარმომადგენლების საჩივრის საფუძველზე ამ დროისთვის 3 პირს თავისუფლება აღეკვეთა. ლიკა ლორთქიფანიძეს და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. მაგდა მამუკაშვილს კი 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. სამივე აქტივისტს ქართული ოცნების დეპუტატი, მარიამ ლაშხი შეურაცხყოფისთვის ედავებოდა.

აქტივისტ ალბი კორძაიას თეა წულუკიანის შეურაცხყოფის ბრალდებით 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. კორძაიას 11 აპრილის მომხდარ ინციდენტს ედავებიან — აქტივისტები თეა წულუკიანის სახლთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ოცნების ვიცე-სპიკერმა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ანწუხელიძეს "უაზროდ გაწირული ვიღაცის პიარისთვის" უწოდა.