აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას 12 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეერთებულ შტატებში შესვლის სრული აკრძალვის შესახებ. ამას გარდა ნაწილობრივი აკრძალვა შეეხება კიდევ 7 ქვეყნის მოქალაქეებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ტრამპმა ოთხშაბათს, 4 ივნისს, სოციალურ ქსელ TruthSocial-ში გამოაცხადა. დეტალური პრესრელიზი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სრული აკრძალვა დაწესდა შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებზე: ავღანეთი, მიანმა, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი. გამონაკლისები გათვალისწინებულია აშშ-ის კანონიერი მუდმივი მაცხოვრებლებისა და მოქმედი ვიზების მფლობელებისთვის. ქვეყნების სია შედგენილია ანალიზის საფუძველზე, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იანვრიდან ატარებს.

ნაწილობრივი აკრძალვა დაწესდა ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელას მოქალაქეებზე. მათ არ გაეცემათ სტუმრის და სტუდენტური ვიზები. თუმცა, ძალაში დარჩება სამუშაო ან ამერიკელ ნათესავებთან გაერთიანების ვიზები.

დონალდ ტრამპის თქმით, ასეთი ზომების შემოღების მიზეზი კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში ებრაელი აქტივისტების წინააღმდეგ ანტისემიტური თავდასხმა გახდა. 45 წლის ეგვიპტელმა მოქალაქემ, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად არალეგალურად ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში, მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ბრბოს და ყვიროდა „თავისუფლება პალესტინას!“. AP იუწყება, რომ თხუთმეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის პენსიონერი, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა.

„ჩვენ ვნახეთ და ვაგრძელებთ 21-ე საუკუნეში ტერორისტული თავდასხმების ყურებას, რომლებსაც ვადაგასული ვიზების მქონე უცხოელები ახორციელებენ, რომლებიც მსოფლიოს საშიში ადგილებიდან ჩამოვიდნენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ქვეყანაში მილიონობით ასეთი ადამიანი ცხოვრობს.

ტერორისტულ თავდასხმებზე საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ დაუშვებს, „ის, რაც ევროპაში მოხდა, ამერიკაშიც მოხდეს“. აკრძალვის სიას შესაძლოა სხვა ქვეყნებიც დაემატოს, განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დონალდ ტრამპმა მსგავსი აკრძალვა დააწესა კუბის, ჩადის, ირანის, ლიბიის, ჩრდილოეთ კორეის, სომალის, სუდანის, სირიის, ვენესუელას და იემენის მოქალაქეებზე. ეს ზომა ჯო ბაიდენმა გააუქმა. ამჯერად ჩრდილოეთ კორეა და სირია არც სრული და არც ნაწილობრივი აკრძალვის მქონე ქვეყნებს შორის არ არიან.

ტრამპის თქმით, ეს ზომა "უკიდურესად წარმატებული" იყო მისი პირველი ვადის განმავლობაში და მან თავიდან აიცილა ტერორისტული თავდასხმები შეერთებულ შტატებში.