გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UNW) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს კერძო სექტორში სექსუალური შევიწროება გავრცელებული პრობლემაა და სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ძირითადად ქალები არიან.

კვლევის მიხედვით, დასაქმებული ქალების 27% და კაცების 18% ამბობს, რომ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება გამოუცდია, ქალი მსხვერპლების უმეტესობის — 84%-ის შემთხვევაში, შემავიწროებელი კაცი იყო.

UNW-ის ცნობით, კერძო სექტორში სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების გავრცელების შესახებ ეს პირველი კვლევაა და, ამდენად, ის პრობლემის ირგვლივ მნიშვნელოვან მიგნებებს აერთიანებს.

შედეგებით ირკვევა, რომ ყველაზე ხშირად გავრცელებულია სექსუალური შევიწროების ისეთი ფორმები, როგორებიცაა:

  • კომენტარები გარეგნობასა და ჩაცმულობაზე;
  • სექსუალური ისტორიების მოყოლა;
  • არასამუშაო საათებში შეტყობინებები და პირადი ხასიათის ზარები;
  • პირადი სივრცის ფიზიკურად დარღვევა;
  • არასასურველი შეხება და ა.შ;

კვლევაში ვკითხულობთ, რომ კოვიდპანდემიის შემდეგ განსაკუთრებითაა გახშირებული სექსუალური შინაარსის შემცველი შეტყობინებების, ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნაც.

კერძო სექტორში დასაქმებულები სექსუალურ შევიწროებას სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ. ამ მოსაზრებას ქალების 90% და კაცების 86% ეთანხმება. გამოკითხულთა 75% ამბობს, რომ სექსუალური შევიწროების შესახებ შეტყობინება მისი შეჩერების ეფექტიანი ხერხია, თუმცა რეალობაში ეს პრობლემა კვლავაც დაფარული რჩება.

"დახმარების ფორმალური გზებისთვის სექსუალური შევიწროების მსხვერპლების მხოლოდ 9%-ს მიუმართავს. მიზეზი სამსახურის დაკარგვის შიში, საზოგადოებრივი სტიგმა, მტკიცებულებების ნაკლებობა და სამართლებრივი რეგულაციების შეზღუდულობაა."

კვლევა "სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე საქართველოს კერძო სექტორში" 2024 წლის სექტემბრიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტს ნორვეგიის სააგენტო განვითარების თანამშრომლობისთვის აფინანსებს.