რა შანსია, რომ უცხო ვარსკვლავმა დედამიწა მზის სისტემიდან გააგდოს? — კვლევა

ფოტო: NASA/SOFIA/Lynette Cook
დაახლოებით 5 მილიარდ წელში მზეს წყალბადის მარაგი ამოეწურება და ისე გაფართოვდება, რომ ახლო პლანეტების უმეტესობა, სავარაუდოდ დედამიწაც. მის პლაზმაში მოექცევა და განადგურდება. ერთი შეხედვით, ასეთი მასშტაბური კატასტროფა მანამდე არ გვემუქრება, მაგრამ რა მოხდება, თუ ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოსთან ახლოს სხვა ვარსკვლავი ჩაივლის? ამას პლანეტარული წესრიგის დარღვევა შეუძლია.
ასევე, იხილეთ: თუ ეს სცენარი ახდა, მზის სისტემას განადგურება ელის — რისი უნდა გვეშინოდეს?
სწორედ ეს განიხილეს მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში. მათმა სიმულაციებმა აჩვენა, რომ ყოველ მომდევნო მილიონ წელში მზისგან 1 პარსეკ მანძილზე (30.9 ტრილიონი კილომეტრი, 3.26 სინათლის წელი) დაახლოებით 19 ვარსკვლავის ჩავლაა მოსალოდნელი. შემდეგ 5 მილიარდ წელში, ამგვარი მოვლენების 2% პლანეტების დაკარგვით შეიძლება დასრულდეს.
მაინც რა პროცესებს მოიაზრებს ეს სცენარები?
5%-ია შანსი, რომ ჯუჯა პლანეტა პლუტონი არასტაბილური გახდეს, რაც უფრო გიგანტური პლანეტის ორბიტის ცვლილებების შედეგი იქნება. მერკური რიგში პირველია, რომელსაც, ამ სიმულაციების მიხედვით, მზის სისტემიდან გავარდნა ელის. ვინაიდან ის ჩვენს მნათობთან ყველაზე ახლოს მოძრაობს და სხვა შიდა ციურ სხეულებთანაც არც ისე შორ დისტანციაზეა, არასტაბილურობის რისკი 50-80%-მდე იზრდება.
რაც შეეხება დედამიწას, 500-ში 1-ია შანსი (0.2%), რომ ის ან სისტემიდან გავარდეს, ან სხვა პლანეტას შეეჯახოს. სამწუხაროდ, ამ სცენარის მიხედვით, მარსზე გამგზავრებაც არ გვიშველის, რადგან 0.3%-ია შანსი, რომ ისიც სხვა ობიექტს შეეჯახოს ან ვარსკვლავთაშორის სივრცეში გადაინაცვლოს.
კვლევიდან გამომდინარე, პლანეტების დაკარგვა იმაზე ადრეა მოსალოდნელი, ვიდრე მზე გაფართოვდება. ამის მიუხედავად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საფრთხე მაინც არ გვემუქრება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Icarus გამოქვეყნდა.
კომენტარები