თავდასხმა, სპეცოპერაცია, კრიმინალური ავტორიტეტები — TRI-ს ცნობით, ცხინვალში კრიმინოგენური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა

ფოტო: Imedinews
ბოლო კვირების განმავლობაში, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მომხდარმა არაერთმა დანაშაულებრივმა მოვლენამ, სერიოზული კითხვები გააჩინა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან კრიმინალთან გამკლავების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ავრცელებს.
მათი ცნობით, ერთ-ერთი შემაშფოთებელი ფაქტი 2025 წლის აპრილის თვეში მოხდა, როდესაც საბაჟო კომიტეტის ფაქტობრივ თავმჯდომარეს მისსავე კაბინეტში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა კომიტეტის თავმჯდომარე აიძულეს გარკვეულ პირებთან კონტრაქტებზე ხელი მოეწერა. სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილება საბაჟო კომიტეტის თანამშრომლების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა, თუმცა თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოროტმოქმედებს შესაძლოა კავშირები კრიმინალურ წრეებთან და დე ფაქტო პრეზიდენტის ძმასთან ჰქონდეთ.
თავდასხმის შემდეგ, ცხინვალში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია დაიწყო, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დააკავეს. სპეციალურ საგამოძიებო ოპერაციაში დაახლოებით 100 სამართალდამცველი მონაწილეობდა.
აღნიშნულ თავდასხმას პარტია "ერთიანი ოსეთი" გამოეხმაურა, რომელიც კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებას ალან გაგლოევის დე ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნას დაუკავშირა. პარტიამ გამოაქვეყნა კრიმინოგენური ვითარების გაუარესების დამადასტურებელი სტატისტიკა. "ერთიანი ოსეთი" ასევე ამტკიცებდა, რომ ეს მაჩვენებლებიც, სავარაუდოდ, სრულად არ ასახავდა პრობლემის რეალურ მასშტაბებს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არასაკმარისი ანგარიშგებით ან დანაშაულებრივი შემთხვევების განზრახ დამალვით შეიძლება ყოფილიყო გამოწვეული.
კრიმინოგენური მდგომარეობის პოზიტიურ ასპექტში წარმოდგენა სცადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა, გრიგორ სობაევმა. მაისის დასაწყისში მან დე ფაქტო პარლამენტის კანონმდებლებს საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და განაცხადა, რომ 2024 წელს რეგიონში დანაშაული 11.8%-ით იყო შემცირებული, ხოლო დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი კი 89%-მდე გაზრდილი, მათ შორის მძიმე დანაშაულების გამოვლენის მაჩვენებელი 76%-დან 91%-მდე იყო გაუმჯობესებული.
კრიმინოგენურ ვითარების გაუარესების დამადასტურებელ ერთ-ერთ ფაქტად აღმოჩნდა სოციალურ მედიაში გაჟონილი რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (KGB) სავარაუდო წერილი. სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა წერილი, რომელიც, სავარაუდოდ, 2024 წლის ივლისში, კგბ-ს თავმჯდომარემ ოლეგ შირინმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ ალან გუჩმაზოვს გაუგზავნა. წერილში მოხსენიებული იყო ფაქტები რამდენიმე კრიმინალური სუბიექტის, მათ შორის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარეზე თავდასხმაში მოხსენიებული პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის სავარაუდო ფლობისა და დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ, და ეჭვქვეშ დგებოდა დე ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტიანობა. ეს პირები წერილში მოხსენიებული იყვნენ "ქურდული იდეოლოგია — პატიმრების კრიმინალური საზოგადოების" წევრებად, რომელიც რუსეთში ექსტრემისტულ დაჯგუფებად ითვლება.
წერილის გავრცელების სკანდალს, კგბ-ს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალექსანდრე ტუაევის უფლებამოსილების შეჩერება დაემატა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მისი უფლებამოსილების შეჩერება დაკავშირებული იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობასთან და საწვავისა და საპოხი მასალების კონტრაბანდაში მის სავარაუდო მონაწილეობასთან, რაც თანამდებობის ბოროტად გამოყენებით გამოძიების შეცდომაში შეყვანას გულისხმობდა.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წერილი ცხადყოფს, რომ დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებები რიგ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურია და არ ასახავს დე ფაქტო მთავრობის ხელშესახებ შედეგებს. სოციალურ ქსელებში გამოითქვა შეშფოთება, რომ დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაძლოა, მთავრობის ფარული თანხმობით, განზრახ უშლის ხელს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.
არსებული სიტუაცია შემაშფოთებელ სურათს ქმნის რეგიონის საზოგადოებრივი წესრიგისა და კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ, ეს კი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
კომენტარები