21 წლის შემდეგ Voyager 1-მა ძრავები პირველად აამუშავა
ამ ზონდით კოსმოსში "ჩაკრულო" გაუშვეს, რომელიც აპარატში არსებულ გრამფირფიტაზეა ჩაწერილი. იმავე გრამფირფიტას Voyager 2-იც ინახავს.

ფოტო: NASA/JPL-Caltech
NASA-ს ინჟინრებმა დედამიწისგან დაახლოებით 25 მილიარდი კილომეტრით დაშორებული Voyager 1-ის ძრავები აამუშავეს. ეს იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ისინი 2004 წლიდან მოყოლებული არ ფუნქციონირებდა. სპეციალისტებმა ამის შეცვლა იქამდე მოასწრეს, სანამ ამ და მის ტყუპისცალ ზონდ Voyager 2-თან საკომუნიკაციო ანტენა თვეების განმავლობაში განახლების გამო გაითიშებოდა.
Voyager 1 კოსმოსში 1977 წლის 5 სექტემბრიდან გადაადგილდება. მან მზის სისტემის აირის გიგანტი პლანეტების შესწავლის პირველადი მისია დაასრულა და ახლა იმაზე შორსაა, ვიდრე ადამიანის შექმნილი ნებისმიერი სხვა აპარატი. მისი ბევრი ინსტრუმენტი გათიშულია — ზოგი საჭირო აღარაა, ზოგმა კი მუშაობა შეწყვიტა.
თავად ძრავები აუცილებელია, რათა ზონდის ანტენა დედამიწისკენ იყოს მომართული. ინჟინრების მიერ "გაცოცხლებული" ძრავები სათადარიგოა, რადგან პირველად ნაწილებში დანალექი დაგროვდა და, შესაძლოა, ამის გამო ამ შემოდგომაზე გაითიშოს. ამგვარი ნარჩენების თავიდან ასაცილებლად მექანიზმების პერიოდულად ჩართვის მეთოდს მიმართავდნენ, მაგრამ 2004 წელს ხარვეზი წარმოიშვა: შიდა ორმა გამაცხელებელმა ენერგია დაკარგა და ინჟინრებმა დისტანციურად მათი შეკეთება ვერ შეძლეს.
შორეულ კოსმოსთან დამაკავშირებელი ქსელის (DSN) 43-ე სადგურის განახლების სამუშაოები 4 მაისს დაიწყო და 2026 წლის თებერვლამდე გაგრძელდება. სწორედ ესაა ავსტრალიაში მდებარე ის 70-მეტრიანი ანტენა, რომლითაც Voyager-ებთან ვამყარებთ კავშირს. შესაბამისად, სპეციალისტებმა ხანგრძლივ პაუზამდე ძრავების ხარვეზის ხელახლა გამოკვლევა გადაწყვიტეს.
ასევე, იხილეთ: როგორ ვამყარებთ შორეულ ხომალდებთან კავშირს? — ყველაფერი NASA-ს საკომუნიკაციო ქსელზე
მათ მიაჩნდათ, რომ წრედში რაღაც აირია და სისტემაში ცვლილება გამოიწვია, რაც ხარვეზით დასრულდა. აქედან გამომდინარე, იფიქრეს, რომ დედამიწიდან გაგზავნილი ბრძანების მეშვეობით ამ ცვლილების გამოსწორებით ნაწილებს ისევ ჩართავდნენ. ეს რისკსაც შეიცავდა, რადგან თუ აპარატის გადახრისას ძრავებამდე შემთხვევით ჯერ გამაცხელებლები ამუშავდებოდა, ეს აფეთქებას განაპირობებდა.
ინჟინრებმა ვარსკვლავებზე დასაკვირვებელი ინსტრუმენტი შეძლებისდაგვარად ზუსტად მომართეს, რადგან ის ზონდის პოზიციონირებას ზუსტად განსაზღვრავს. შემდეგ საჭირო მანევრი განახორციელეს, მიუხედავად იმისა, რომ სიგნალის 23-საათიან დაყოვნებას სირთულეები ახლდა. შედეგად გამაცხელებლები ამუშავდა და ძრავებიც ამოქმედდა.
კომენტარები