რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ინვესტორი, უორენ ბაფეტი Berkshire-ის გენერალური დირექტორის პოზიციას ტოვებს. ბაფეტის შემცვლელად კომპანიის არასადაზღვევო ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი — გრეგ ეიბელი დასახელდა. სიახლე თავად ბაფეტმა აქციონერთა შეკრებაზე გააჟღერა.

Berkshire Hathaway $1.11-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ისეთი უმსხვილესი ბრენდების აქციებს აერთიანებს, როგორებიცაა — Apple, Coca Cola, Bank Of America და სხვები. უორენ ბაფეტი კი სიცოცხლეშივე აღიარებული ლეგენდარული ინვესტორია, რომელსაც საფონდო ბირჟაზე კარგად იცნობენ. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, ბაფეტის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ინვესტორების ყურადღების ცენტრში მოექცა და განხილვის საგნად იქცა.

ვინ არის უორენ ბაფეტი

უორენ ბაფეტი 1930 წელს ნებრასკას შტატში, კონგრესმენისას და საფონდო ბირჟის ბროკერის ოჯახში დაიბადა. ბაფეტის მშობლები წარმოშობით ევროპიდან იყვნენ. ახალგაზრდა ბაფეტმა ბირჟის ბროკერად მუშაობა 1951 წელს, მამამისის კომპანიაში, ბაფეტ-ფალკში დაიწყო. სამი წლის შემდეგ კი ფასიანი ქაღალდების ანალიტიკოსად, ბენჯამინ გრეჰემის კომპანიაში გადავიდა.

გრეჰემის გრემ-ნიუმანში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ ბაფეტმა ექვს კოლეგასთან ერთად პარტნიორული ფირმა დააფუძნა და 100 დოლარის მინიმალური ინვესტიცია განახორციელა. 1958 წელს მან 31,500 დოლარად მშობლიურ ქალაქ ომაჰაში საცხოვრებელი სახლი შეიძინა, სადაც ის დღემდე ცხოვრობს.

1956-62 წლებში ბაფეტმა სხვა არაერთი პარტნიორული კომპანია ჩამოაყალიბა და შესანიშნავი შედეგებიც აჩვენა. სწორედ ამიტომ, მალევე ყველა მისი პარტნიორობა ერთ კომპანიაში გააერთიანა და შექმნა Buffett Partnership Ltd. აღსანიშნავია, რომ ბაფეტი ჯერ კიდევ 30 წლის ასაკში მილიონერი გახდა. 1985 წლისთვის მისმა წმინდა ქონებამ $1 მილიარდს გადააჭარბა, ხოლო 2021 წლისთვის მისი ქონება 100 მილიარდად იყო შეფასებული.

ბაფეტი ორი წლის განმავლობაში სწავლობდა პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლაში, რომელიც აშშ-ს ერთ-ერთ მთავარ ბიზნეს სკოლად მიიჩნეოდა. მოგვიანებით კი ნებრასკას უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი დაამთავრა. ჰარვარდიდან უარის მიღების შემდეგ ბაფეტი კოლუმბიის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლაში შევიდა, სადაც ზემოთ ხსენებული გრეჰემი გაიცნო და ეკონომიკის მაგისტრიც გახდა.

აქციონერთა შეკრება — რაზე ისაუბრა ბაფეტმა

გეგმები: ვიდრე ბაფეტი მთავარ ამბავს გააჟღერებდა, შეხვედრაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკისა და ეკონომიკის შესახებ ვრცლად ისაუბრა. თუმცა, მისი გადადგომის შესახებ განცხადებამ, ბუნებრივია, ყველა საკითხი გადაფარა.

ვფიქრობ, დადგა დრო, რომ წლის ბოლოსთვის გრეგი გახდეს კომპანიის გენერალური დირექტორი

თქვა ბაფეტმა

ბაფეტმა ისიც თქვა, რომ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ მხოლოდ საკუთარ შვილებს აცნობა — ჰაუის და სუზის, რომლებიც დირექტორთა საბჭოს წევრები არიან. სწორედ დირექტორთა საბჭომ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ბაფეტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ რჩება კომპანიის მხარდამჭერად და მთავარ აქციონერად. შესაბამისად, გაირკვა, რომ ის კომპანიის აქციების შენარჩუნებას გეგმავს.

ბაზრის მცირე მიმოხილვა: ბაფეტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ტარიფებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ვაჭრობაზე დაწესებულმა მაღალმა ტარიფებმა შესაძლოა რეცესია გამოიწვიოს. „ვაჭრობა არ უნდა იქცეს იარაღად,“ — თქვა ინვესტორმა და დაამატა, რომ ამერიკამ უნდა ივაჭროს სხვა ქვეყნებთან და მათ მისცეს საშუალება, "აკეთონ ის, რაც საუკეთესოდ გამოსდით". აღსანიშნავია, რომ ბაფეტს ამ კონტექსტში პრეზიდენტ ტრამპის სახელი არ უხსენებია.

როგორც შეხვედრიდან გაირკვა, ბაფეტი ფიქრობს, რომ ტარიფების გამო ბაზარზე შექმნილი მერყევი სიტუაცია დროებითია და ამბობს, რომ „რაც მოხდა ბოლო 30-45 დღეში... ფაქტობრივად არაფერია“.

აქვე აღსანიშნავია, რომ S&P 500-მა გასულ პარასკევს ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივი ზრდის სერია აჩვენა. ეს მას შემდეგ, რაც მანამდე თითქმის 20%-ით დაეცა.

ბაფეტმა ისაუბრა იმის შესახებაც, რომ ქვეყნის ბიუჯეტის მზარდი დეფიციტი პრობლემად მიაჩნია და თქვა, რომ საჭიროა მთავრობის ხარჯების შემცირება. მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის განსაკუთრებულობას და აღნიშნა, რომ დღე, როდესაც ამერიკაში დაიბადა, მისი ცხოვრების ყველაზე იღბლიანი დღე იყო.

როგორ აისახა ბაფეტის გადაწყვეტილება აქციების ფასებზე

უორენ ბაფეტის მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადების შემდეგ Berkshire Hathaway-ის აქციების ფასი შემცირდა.

კერძოდ, Berkshire Hathaway-ის აქციები დაახლოებით 5.5%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც დირექტორთა საბჭომ ოფიციალურად მიიღო გრეგ ეიბელის 2026 წლის 1 იანვრიდან დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება.

ეს ვარდნა ინვესტორების რეაქციის შედეგებით შეგვიძლია ავხსნათ, რომლებსაც შეექმნათ მოლოდინი, რომ ბაფეტის წასვლა უარყოფითად აისახება კომპანიის მდგომარეობაზე.

არსებული მდგომარეობით, Berkshire-ის აქციების ფასები ასეთია:

  • Class A (BRK.A): $770,347.45
  • Class B (BRK.B): $513.54

როგორც ჩანს, კომპანიისთვის თავდაპირველი ვარდნის შემდეგ ბაზარი გარკვეულად დასტაბილურდა და ინვესტორების ნდობაც ნაწილობრივ უკვე აღდგა.


ბაფეტი Berkshire-ს სათავეში 1965 წელს ჩაუდგა. მაშინ ამ კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 18 დოლარი იყო. თუ მიმდინარე პერიოდის მაჩვენებლებს შევადარებთ, ცხადია, რომ კომპანიის აქციების ღირებულება ექსტრემალურად არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ ბაფეტის ხელმძღვანელობის პერიოდში კომპანიის საშუალო წლიური ზრდა 19.89% იყო, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში S&P 500 ინდექსი საშუალოდ 10,2%-ით იზრდებოდა. საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ბაფეტის მემკვიდრეობა Berkshire-ში მისი ხელმძღვანელობის გარეშე.

გახსენი საინვესტიციო ანგარიში თიბისის მობაილბანკში და შეიძინე ამერიკული აქციები და ფონდები საკომისიოს გარეშე. გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.