ასტრონომებმა გამოავლინეს შორეული გალაქტიკა, რომელიც მილიარდობით წლის განმავლობაში უცვლელი დარჩა, ანუ, შეიძლება ითქვას, დროში გაიყინა. ის KiDS J0842+0059-ის სახელითაა ცნობილი და ე.წ. კოსმოსური ნამარხია, რომელიც სამყაროს ევოლუციის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. საქმე ისაა, რომ იგი სხვა სისტემებთან შეჯახებებსა და გრავიტაციულ ურთიერთქმედებებს გადაურჩა, ამიტომ ჩვენთვის ადრეული კოსმოსის ერთგვარი დროის კაფსულის ფუნქციას ასრულებს.

დიდი ბინოკულარული ტელესკოპის დაკვირვებებით დადგინდა, რომ KiDS J0842+0059 უცვლელი სახით 7 მილიარდი წელი შენარჩუნდა. მეცნიერების თქმით, ამგვარი ნამარხი გალაქტიკები მნიშვნელობით "სამყაროსეული დინოზავრებია". ის ჩვენგან 3 მილიარდი წლითაა დაშორებული და პირველად პროექტ KiDS-ის ფარგლებში 2018 წელს დაფიქსირდა.

ჩილეში მდებარე ძალიან დიდი ტელესკოპის მეშვეობით მოპოვებული დამატებითი მონაცემებით მისი ზომა და მასა გამოთვალეს. ის 100 მილიარდ მზის მასას შეიცავს, მაგრამ ამგვარი მაჩვენებლის მქონე გალაქტიკებთან შედარებით უფრო პატარა და კომპაქტურია. დადგინდა ისიც, რომ იქ დიდი ხნის განმავლობაში ვარსკვლავების წარმოქმნის პროცესი პასიური იყო. სწორედ ამ ყველაფერმა მიანიშნა მეცნიერებს, რომ KiDS J0842+0059 ნამარხი გალაქტიკაა.

მარცხნივ KiDS-ის ფარგლებში გადაღებული კადრია ნაჩვენები, მარჯვნივ კი — ძალიან დიდი ტელესკოპის.

ფოტო: C. Tortora/INSPIRE/VST/ESO/LBT

უზუსტობების თავიდან ასაცილებლად მეცნიერებმა დიდი ბინოკულარული ტელესკოპის ადაპტაციური ოპტიკური სისტემით 10-ჯერ უფრო მკაფიო სურათები მიიღეს. ამის მეშვეობით დადასტურდა, რომ ეს ნამდვილად კომპაქტური ნამარხი გალაქტიკაა, რომელიც ფორმით იმავე კატეგორიის NGC 1277-ს მოგვაგონებს.

ეს გალაქტიკა დაახლოებით 240 მილიონი წლის მანძილზეა, ანუ ჩვენთან უფრო მცირე დისტანციაზეა. შესაბამისად, მისი ბევრად დეტალური გამოსახულებები მოგვეპოვება.

ნამარხი გალაქტიკა NGC 1277.

ფოტო: M. Beasley(Instituto de Astrofisica de Canarias)/NASA/ESA

"ამ კოსმოსური ნამარხების შესწავლა დღევანდელი მასიური გალაქტიკების ბირთვის ფორმირების ისტორიის რეკონსტრუქციაში დაგვეხმარება. ნამარხი გალაქტიკებისგან განსხვავებით, ისინი სხვა სისტემებს შეერწყა და მატერია ისეთი კომპაქტური გალაქტიკების გარშემო მიიზიდა, რომლებმაც ისინი წარმოქმნა", — აცხადებენ ასტრონომები.

მათი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.