რამდენად სწრაფად დარბოდნენ დინოზავრები? მეცნიერებისთვის ეს საკმაოდ საინტერესო თემაა. პასუხის გასაგებად მათ ერთ-ერთ კლასიკურ მეთოდს მიმართეს, რომელსაც წლებია იყენებენ. მათ ნაკვალევები შეისწავლეს.

მისი ზომისა და დაშორების მიხედვით შესაძლებელია, დინოზავრის სავარაუდო სიჩქარის გამოთვლა. მიუხედავად ამისა, ახალი კვლევის ავტორებმა გადაწყვიტეს, უფრო განსხვავებული და ბუნებით შთაგონებული გზა, ციცრის შესწავლა, ეცადათ. შემდეგ შედეგები შეადარეს.

ციცარი (Numida meleagris) არამარტო ვიზუალურად გამორჩეულია, არამედ მეცნიერული თვალსაზრისითაც. ის მშვენიერი ალტერნატივაა მაშინ, როცა დინოზავრების სიჩქარის გაგებაა საჭირო.

ციცრები

ფოტო: Chickens For Backyards

კვლევაში ორი ციცარი გამოიყენეს. ფრინველები სხვადასხვა კონსისტენციის ტალახზე ატარეს. მათ მიერ დატოვებული ნაკვალევები კი ფოტოგრამეტრიის მეშვეობით ფიქსირდებოდა. შემდეგ მკვლევრებმა ფრინველების რეალური სიჩქარე იმას შეადარეს, რომელიც დინოზავრების ნაკვალევის შესწავლის შედეგად დაადგინეს.

აღმოჩნდა, რომ ციცრები რეალურად ბევრად ნელა მოძრაობდნენ, ვიდრე წინასწარ ვარაუდობდნენ. მათ გადასაადგილებლად ბევრი დრო სჭირდებოდათ და ნაბიჯების სიგრძეც შესაბამისი არ აღმოჩნდა. ფრინველები ერთი და იმავე დაშორებით განსხვავებული სიჩქარით მოძრაობდნენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მაგავსი ფრინველი დინოზავრების შესახებ ინფორმაციის გასაგებად გამოიყენეს. წინა კვლევაში ისინი სარბენ ბილიკზე არბენინეს. მაშინ გამოთვლები რეალურ სიჩქარეს ემთხვეოდა. მიუხედავად ამისა, ერთი დეტალი გამორჩათ, თავის დროზე დინოზავრები სარბენ ბილიკზე კი არა, ბუნებაში დარბოდნენ.

ახალი კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ტალახზე სირბილი ცხოველის ნაბიჯს ნაკლებად თანაბარს ხდის. როგორც ჩანს, მათი სიჩქარე, დიდი ალბათობით, იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ.

კვლევა გამოცემაში Biology Letters გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.