ბოლო კვირებში ღამის ცაზე ზედიზედ ორი "ახალი ვარსკვლავი" გამოჩნდა, რომელთა დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაცაა შესაძლებელი. ესაა კოსმოსის კაშკაშა არეალები, რომელთა სინათლეც კლასიკური ნოვას ტიპის ვარსკვლავურ აფეთქებას უკავშირდება.

პირველი მათგანი V462 Lupi-ა. ის 12 ივნისს მგლის თანავარსკვლავედში დააფიქსირეს, როცა მისი წარმომქმნელი მნათობი მოულოდნელად 3 მილიონჯერ უფრო ელვარე გახდა. მოგვიანებით, 25 ივნისს, ასტრონომებმა მეორე ნოვა შენიშნეს, რომელსაც V572 Velorum ეწოდება. ის იალქნების თანავარსკვლავედშია განლაგებული.

ეს ნოვები იმითაა გამორჩეული, რომ ხანმოკლე პერიოდში ზედიზედ გამოჩნდა. როგორც წესი, ღამის ცაზე კლასიკური ნოვა წელიწადში ერთხელ ვლინდება ხოლმე. შესაბამისად, ორი ამგვარი ფენომენის თანადროული არსებობა, შესაძლოა, აღწერილიც არ იყოს.

ორი ახალი ნოვას მდებარეობა ღამის ცაზე.

ფოტო: IAU/Wikimedia, Live Science

ამის მიუხედავად, მათი სიკაშკაშის პიკი ერთმანეთს არ დამთხვევია. V462 Lupi-ს შემთხვევაში ელვარებამ მაქსიმალურ დონეს — +5.5 მაგნიტუდას — 20 ივნისს მიაღწია. მას შემდეგ ის შედარებით გამკრთალდა, მაგრამ მაინც იმ ნიშნულზეა, რომელზეც შეუიარაღებელი თვალითაც დაიმზირება. V572 Velorum უფრო ნათელია, რადგან 27 ივნისს მისი მაჩვენებელი +4.8 იყო (ნაკლები მაგნიტუდა მეტ სიკაშკაშეს ნიშნავს).

ზემოთ წარმოდგენილი სურათები ასტროფოტოგრაფმა ელიოტ ჰერმანმა დისტანციურად მართვადი კამერით ჩილედან 26-27 ივნისს გადაიღო. მარცხნივ V572 Velorum არის წარმოდგენილი, რომელიც მოცისფრო-მოთეთროდ ანათებს; მარჯვნივ მეორე ნოვა ჩანს, რომელიც იისფრად კაშკაშებს. გაქრობამდე ისინი ნელ-ნელა წითლდება, რადგან პირველ რიგში სინათლის უფრო გრძელი, ლურჯი ტალღები უჩინარდება.

ნოვა სუპერნოვაში, ანუ ზეახალ ვარსკვლავში, არ უნდა აგვერიოს. ეს უკანასკნელი ისეთი აფეთქებაა, რომელიც მნათობს სრულიად ანადგურებს. მისგან განსხვავებით, ნოვა გარე შრეებზე ზემოქმედებს. ის ბინარულ სისტემებში იჩენს თავს, რომლებშიც თეთრი ჯუჯა (ვარსკვლავის ბირთვის ნარჩენი) უფრო დიდი კომპანიონისგან მატერიას იზიდავს. მაშინ, როცა ეს მასა საკმარისად გროვდება, წარმოქმნილი წნევა აფეთქებას იწვევს და მიერთებული აირების უდიდეს ნაწილს წვავს. შედეგად კოსმოსში კაშკაშა სინათლის ნაკადები იტყორცნება, რომელთაც ხანდახან დედამიწიდან ვხედავთ.

ფოტო: NASA/Goddard Space Flight Center

ზოგჯერ ერთი და იგივე ნოვა პერიოდულად მეორდება. მაგალითად, ასეთია T ჩრდილოეთის გვირგვინი, რომელიც ყოველ 80 წელიწადში ერთხელ "ინთება". იგივე მოხდება თუ არა V462 Lupi-სა და V572 Velorum-ის შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია.

ორივე ნოვაზე დაკვირვება სამხრეთ ნახევარსფეროდან ყველაზე მარტივია, ვინაიდან მათი მშობელი თანავარსკვლავედები სწორედ სამხრეთის ცაზეა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან მათ კარგად დასანახად ტელესკოპის ან სპეციალური ბინოკლის გამოყენებაა რეკომენდებული.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.