"ლევან დავითაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი დატოვა", — ამის შესახებ ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში ოცნების ხელისუფლების პრემიერმინისტრის მთავარი მრჩეველი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გახდა.

"ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოგეხსენებათ, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ეკონომიკის განვითარებაზეა არსებითად დამოკიდებული არა მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება, არამედ, თითოეული დარგის განვითარება, საქართველოს დემოკრატიული სისტემის განმტკიცება, ასევე ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება. ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების სისტემის დასახვეწად, მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს გაძლიერების შესახებ. ამ მიზნით, გადაიხედება ეკონომიკური საბჭოს ფუნქციები, შემადგენლობა, ეკონომიკის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს ბატონი ლევან დავითაშვილი. სამინისტროს მართვა ყოველდღიურ, მძიმე რუტინასთან არის დაკავშირებული. ამ რუტინისგან გათავისუფლება ბატონ ლევანს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო დიდი წარმატებით უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარება, ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში და სხვა შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ბატონი ლევანი არის განსაკუთრებული, გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე ეკონომისტი და ვფიქრობთ, რომ ამ პოზიციიდან ის საუკეთესოდ შეძლებს ამ მისიის შესრულებას. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, ინვესტიციების მოზიდვას. წარმატებები მინდა ვუსურვო ბატონ ლევანს ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ოცნების ხელისუფლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გახდა.

"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მარიამ ქვრივიშვილი, მას იცნობთ ყველა, შესაბამისად, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დღემდე ის იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორიც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. წარმატებები მინდა ვუსურვო მარიამ ქვრივიშვილს მინისტრის პოსტზე", — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 23 ივნისს ირაკლი კობახიძეს ჰკითხეს, დაიკითხებიან თუ არა კახა კალაძე და ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის საქმის გამოძიების ფარგლებში.

"არ ვიცი, რა შუაშია კახა კალაძე? "თბილსერვისში" კი ბატონო. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება უკავშირდება ეკონომიკის სამინისტროში კონკრეტული პირის საქმიანობას. რაც შეეხება დავითაშვილს, მის კეთილსინდისიერებაში არავის ეპარება ეჭვი", — განაცხადა ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ