ოზი ოსბორნი საკუთარ დნმ-ის ნიმუშებს ყიდის, რათა მსურველებმა მისი კლონირება შეძლონ

ფოტო: Liquid Death / YouTube
მომღერალმა ოზი ოსბორნმა სასმელების ბრენდ Liquid Death-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა. კომპანია ცივი ჩაის ქილების შეზღუდულ რაოდენობას გამოუშვებს, რომლებშიც მუსიკოსის დნმ იქნება შერეული.
სამწუხაროდ, ქილებში ცივი ჩაი უკვე აღარ არის. ოსბორნმა სასმელი ყველა მათგანიდან თავადვე დალია. შესაბამისად, თითოეულ ქილაში უკვე მომღერლის ნერწყვია.
მოდი ვაღიაროთ, როკვარსკვლავის ნერწყვს წყურვილის მოსაკლავად არავინ ყიდულობს. სავარაუდოდ, ამ ქილების შეძენის მსურველებს მომღერლის კლონირება ექნებათ გადაწყვეტილი. ალბათ გსმენიათ, რომ ოსბორნი თითქოს "გენეტიკური მუტანტია" — მან მართლაც ბევრს გაუძლო. მაგალითად, ნარკოდამოკიდებულებას ან ცოფს, რომელიც ცოცხალი ღამურას შეჭმის შემდეგ კინაღამ გადაედო. განსაკუთრებით აღსანიშნავია კვადროციკლის ავარია, რომელმაც ცნობილი მომღერალი ლამის იმსხვერპლა.
თითოეული ქილა ლაბორატორიული წესითაა დახუფული. ზედ დონორის სახელი, ნიმუშის ნომერი და მოპოვების თარიღი აწერია. ოსბორნმა ქილებს თავადვე მოაწერა ხელი.
"თუ ერთ მშვენიერ დღეს საამისო ტექნოლოგიები და სამართლებრივი უფლებები გვექნება, ოზი ოსბორნის კლონირებას შეძლებთ. ვინ იცის, იქნებ მომღერლით საუკუნეების განმავლობაშიც კი დატკბეთ", — ნათქვამია ვებ-გვერდზე.
სულ 10 ნიმუშია ხელმისაწვდომი, თითოეულის ფასი კი 450 აშშ დოლარია. არ ინერვიულოთ, თუ ფული არ გყოფნით. Shop Pay-ს წყალობით სესხის აღებაც შეგიძლიათ, რომლითაც ოსბორნის დნმ-ის საფასურს ნაწილობრივ დაფარავთ — 12 თვის განმავლობაში თვეში 40.62 დოლარის გადახდაა შესაძლებელი (კრედიტის ოდენობის მიხედვით).
არც იმ შემთხვევაში იდარდოთ, თუ ნიმუშებს ვერ მიუსწრებთ. შეგეძლებათ ქილები გადამყიდველებისგან შეიძინოთ — eBay-ზე 2 ქილა უკვე იყიდება. თითოეულის ფასი ათასობით დოლარია.
ამ სიახლეს სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა უკმაყოფილებაც გამოთქვა.
"ვნანობ, ოსბორნის დნმ რომ არ შევინახე მაშინ, როცა 1984 წელს კონცერტზე დამაფურთხა", — წერს მომღერლის ერთ-ერთი გულშემატკივარი სოციალურ ქსელ X-ზე.
თავისთავად, კლონირება ჯერ კიდევ შეუძლებელია და ეს დიდხანს არ შეიცვლება. ის გენეტიკის სამყაროში უდიდესი ტაბუა, 40 ქვეყანაზე მეტი კი ამ პრაქტიკის კვლევას საერთოდ კრძალავს.
საინტერესოა, რომ აშშ-ში ადამიანის კლონირების საკითხის კვლევა ტექნიკურად ლეგალურია. ამისდა მიუხედავად, სამეცნიერო საზოგადოება ამას ძალიან უარყოფითად აფასებს. თუ ვინმე ოსბორნის კლონის შექმნას გადაწყვეტს, მან ეს უკანონო და საეჭვო ლაბორატორიებში უნდა სცადოს.
უნდა ვივარაუდოთ, რომ მომღერლის კლონირება არც არავის მოუნდება. დიდი ალბათობით, მის გენეტიკურ მასალას მხოლოდ კოლექციონერები შეიძენენ.
კომენტარები