კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით, კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ამაყობენ იმ ლიდერებით, რომლებიც სისტემას ებრძვიან და ამის გამო მზად არიან თავისუფლება შეეზღუდოთ.

"სულ ცოტა ხნის წინ მონა მოსამართლემ, ჯვებემ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება, ამ ეტაპზე, 7 თვით. ბუნებრივია, პირველ რიგში, მინდა გაგიზიაროთ ჩვენი ემოციური დამოკიდებულება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით. ჩვენ ვამაყობთ იმ ხალხით, რომლებიც სისტემას ებრძვიან ამ გზით. არ თანამშრომლობით არ აღიარებით და კი, მათ უწევთ ამის გამო თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ ჩვენ აქ ვაგრძელებთ ამ ბრძოლას და ვიბრძოლებთ ამ სისტემასთან ზუსტად ისეთივე პრინციპებით, რის გამოც ზურა დღეს ჩაჯდა ციხეში 7 თვით. დღეს ჩვენ ველოდებით სხვადასხვა განაჩენს. არ ვიცით სისტემა რას აირჩევს, რა ტაქტიკას, რას ჩახლართავს. ამას არ აქვს მნიშვნელობა", ― თქვა ელენე ხოშტარიამ.

მან ოპოზიციის ლიდერებს ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მათთვის მიუღებელია.

"მინდა რომ მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში. არ აქვს მნიშვნელობა რაში განსხვავდებოდა ჩვენი აზრები რაღაცა ტაქტიკურ საკითხებზე. დღეს არის ერთიანობის, არ თანამშრომლობის, არ აღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია ეს არის პრინციპულობა და ერთად დგომა. ამიტომ პირველ რიგში, ბუნებრივია ბატონ მამუკას, ბატონ ბადრის, ვაშაძეს ყველას ვუსურვებ, რომ ციხეზე არ გადიოდეს მათი ბრძოლის გზა, მაგრამ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია ყველა დავდგეთ ერთად. დავასრულოთ კამათი ადგილობრივი არჩევნების აბსურდულობაზე. ამ რეჟიმთან ასეთი რამ უბრალოდ არ არსებობს. გავაგრძელოთ ერთად ბრძოლა. მათ შორის, მორალურად გამართულებმა ჩვენი მეგობრების და პარტნიორების და ახალგაზრდების, 50 ახალგაზრდის ციხეში ყოფნის ფონზე. ჩვენ არც კი დავუშვებთ ამ აბსურდულ არჩევნებში შესვლას", ― აღნიშნა კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერმა.

ცნობისთვის, ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.

ზურაბ ჯაფარიძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 16 აპრილს ბრალი წარედგინა. პოლიტიკოსს 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რის გადახდაზეც უარი განაცხადა. 22 მაისს მას გირაო პატიმრობით შეუცვალეს.