ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, ირანზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმებთან ამერიკის შეერთებულ შტატებს არანაირი კავშირი არ ჰქონია.

"ამ ღამით ირანზე განხორციელებულ თავდასხმასთან შეერთებულ შტატებს არავითარი კავშირი არ ჰქონია. მაგრამ თუ ირანი რაიმე ფორმით, თავს დაგვესხმება, ამერიკის შეიარაღებული ძალების სრული ძალა და სიმძლავრე დაატყდებათ თავს — იმ დონეზე, რაც ისტორიაში ჯერ არავის უნახავს. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია მარტივად მივაღწიოთ შეთანხმებას ირანსა და ისრაელს შორის და დავასრულოთ ეს სისხლიანი კონფლიქტი!!!",— წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის უპრეცედენტო გამწვავების ფონზე, ისრაელმა პარასკევს, გამთენიისას, მასშტაბური სამხედრო იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე. საჰაერო შეტევები, რომელიც ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ყველაზე ინტენსიური იერიში იყო ისრაელის თანამედროვე ისტორიაში, ძირითადად მიმართული იყო ბირთვულ ობიექტებზე, სარაკეტო ბაზებსა და ირანის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობაზე.