ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) გუშინ ღამით თურქეთში გადაიყვანეს. ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე ავრცელებს.

მისი თქმით, ქათამაძის გადაყვანა სპეციალურად გადაიდო ბოლო წუთებისთვის.

"ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე გუშინ ღამით თურქეთში სასწრაფო წესით გადაიყვანეს. ჯერ ჩვენ არ ვიცით ეს იყო ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვება, რისი უფლებაც თემურს ჰქონდა, თუ იძულებითი გაძევება. ამას მალე გავიგებთ მიგრაციის დეპარტამენტთან ოფიციალური კომუნიკაციის შემდეგ. სწორედ გუშინ ღამის 12 საათზე გადიოდა მისთვის ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და ამიტომ არ არის ცხადი, ბოლო წუთებში რა მექანიზმით მოხდა მისი გადაყვანა," — წერს თამთა მიქელაძე.

მისი თქმით, თემურ ქათამაძის ინტერესების დაცვას საერთაშორისო მექანიზმების დროებითი ღონისძიებების გამოყენებით ცდილობდნენ და კომუნიკაციაში იყვნენ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტთან თემურ ქათამაძის საქმეზე, მის გადაყვანამდე.

"თურქეთში ბატონი თემურის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით მაშინვე, როგორც კი დეტალებს გავიგებთ. ჩვენ გავაგრძელებთ მისი უფლებების დასაცავად ბრძოლას საერთაშორისო სასამართლოებში. სამწუხაროდ, საერთაშორისო მექანიზმები ასეთი მყისიერი სიტუაციების მიმართ საკმარისად მოქნილი არ არის და ამაზე ცალკე პროფესიულად დავწერ." — ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორის თქმით, ქართულმა ოცნებამ თემურ ქათამაძეს იგივე განაჩენი გამოუტანა, რაც რუსეთის იმპერიამ მის წინაპრებს.

"რუსეთის იმპერიამ აიძულა გადასახლება თემურის წინაპრებს, ქართულმა ოცნებამ კი მუჰაჯირების მეოთხე შთამომავალს იგივე განაჩენი გამოუტანა - ვერ გახდები მოქალაქე, არ იმსახურებ აქ ცხოვრებასო და კოლონიური ტრავმა გაუმეორა.
დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს." — წერს თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თემურ ქათამაძე 2025 წლის იანვარში ბათუმში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას გამოძიება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებოდა.