შეისწავლეს რვაფეხა, რომელმაც დაკარგული კიდური გააორმაგა — ნახეთ "ცხრაფეხა"

ფოტო: Animals | HowStuffWorks
რვაფეხები ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ზღვის ცხოველები არიან. ისინი იმითაც არიან ცნობილნი, რომ რვა ფეხი აქვთ. ამაზე უფრო გასაოცარი ისაა, რომ დაკარგული კიდურების თავიდან გაზრდა შეუძლიათ. ამ დროს ხშირად მათი ფეხები ორადაც იყოფა. მეცნიერები ცდილობენ, გაარკვიონ, როგორ იყენებენ რვაფეხები ხელახლა გაზრდილ კიდურებს. ამისთვის მათ შესანიშნავი შანსი მიეცათ.
მკვლევრებმა ჩვეულებრივი მამრი რვაფეხა (Octopus vulgaris) ნახეს, რომელსაც, დიდი ალბათობით, წარსულში მტაცებელთან შებრძოლება მოუხდა. მას სამი ფეხი ჰქონდა დაკარგული. მალევე სამივე მათგანი წამოეზარდა, ერთი კი ორად გაიყო. შედეგად ამ რვაფეხას ცხრა კიდური აქვს.
მეცნიერებმა კვლევა ესპანეთში, იბიცის კუნძულზე, ჩაატარეს. ამ ტერიტორიაზე 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მაისამდე არაერთხელ ჩაყვინთეს. დაკვირვების დროს რვაფეხას სხვადასხვა ქცევა დააფიქსირეს. უყურებდნენ, როგორ იყენებდა ის კიდურებს. ქცევები ორ კატეგორიად დაყვეს. ერთი იყო "უსაფრთხო", როდესაც რვაფეხას კიდურები სხეულთან ახლოს ჰქონდა და არავის ვნებდა, მეორე კი — "სახიფათო", როდესაც ფეხები შორს ჰქონდა გაჭიმული.
მეცნიერებმა თითოეულ კიდურს შესაბამისი ნომერი მიანიჭეს. გაყოფილ ფეხებს მათ R1a და R1b დაარქვეს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად რვაფეხა L1-სა (მარცხენა პირველი) და R1a-ს (მარჯვენა პირველი, გაყოფილი ნაწილის ერთი მხარე) იყენებდა. საკვების ძიებისა და გარემოს შესწავლის დროს R1a და R1b შედარებით ნაკლებად გამოიყენებოდა, თუმცა R1b უფრო ხშირად მოძრაობდა, ვიდრე R1a.
მკვლევრებმა ასევე დაასკვნეს, რომ უფრო მძიმედ დაზიანებული კიდურები "რისკიან" ქცევებში იშვიათად გამოიყენებოდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რვაფეხას შეიძლება, ტკივილის მეხსიერება ჰქონდეს — უნარი, რომ მავნე გამოცდილებები დაიმახსოვროს. კვლევებში ჩანს, რომ რვაფეხები ხშირად თავს არიდებიან ადგილებს, რომლებიც მათთვის მტკივნეულ გამოცდილებას უკავშირდება.
დროთა განმავლობაში გაყოფილმა კიდურებმა ახალი ფუნქციებიც შეითავსა და მათი გამოყენების სიხშირეც ოდნავ გაიზარდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რვაფეხების ადაპტაციის საოცარ უნარს. ეს შედეგები ასევე აჩვენებს, რომ კიდურებს თუნდაც ხელახალი ზრდის შემდეგ მრავალმხრივი უნარები და შესაძლებლობები აქვს.
კვლევა გამოცემაში Animals გამოქვეყნდა.
კომენტარები