კახა კალაძე: მინდა, პრემიერმინისტრს ამ დაფასებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო, ირაკლი კობახიძე ქართული ფეხბურთის ძალიან მაგარი გულშემატკივარია და კარგად ერკვევა ამ სფეროში

ქალაქის მერი კახა კალაძე ოცნების პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას ეხმაურება იმის შესახებ, რომ მას, ხვიჩა კვარაცხელიას და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ.
კალაძე მადლობას უხდის კობახიძეს ამ "დაფასებისთვის" და ამბობს, რომ "ირაკლი კობახიძე ქართული ფეხბურთის ძალიან მაგარი გულშემატკივარია და კარგად ერკვევა ამ სფეროში".
"პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ამ უდიდეს გამარჯვებას. აქვე მინდა მას და ზაზა ფაჩულიას მივულოცო წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენა.
ჩემთვისაც დიდი პატივია აღნიშნული ჯილდოს მიღება, რადგან ეს არის ჯილდო იმ უდიდესი შრომის, მიზანდასახულობის, უამრავი გათენებული ღამის, 90-იანი წლების პატარა ბიჭის მიერ ჩაფიქრებული ოცნების ასრულების. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა მომცა ამის შესაძლებლობა, როგორც ფეხბურთელს, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მეთამაშა და წარმატებული კარიერა მქონოდა.
მინდა, პრემიერმინისტრს ამ დაფასებისთვის დიდი მადლობა გადავუხადო, გამოვხატო მადლიერება მის მიმართ. სხვათა შორის, ირაკლი კობახიძე ქართული ფეხბურთის ძალიან მაგარი გულშემატკივარია და კარგად ერკვევა ამ სფეროში", — განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
ხვიჩა კვარაცხელიას, ზაზა ფაჩულიას და კახა კალაძის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენის შესახებ განცხადება ირაკლი კობახიძემ 3 ივნისს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
კობახიძის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის წარადგენენ ჯილდოზე, ზაზა ფაჩულია და კახა კალაძეს — "უმაღლეს საკლუბო ტურნირებში მიღებული უმაღლესი ჯილდოებისთვის".
"ხვიჩა კვარაცხელიას გასულ წელს ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი. ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ვფიქრობ, ეს არის დამსახურებული ჯილდო, რომელსაც სახელმწიფოსგან მიიღებს. პრეზიდენტი მას დააჯილდოებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.
ასევე ჩვენ გადავამოწმეთ შემდეგი საკითხი, ჩვენ გვყავს ორი სპორტსმენი, რომელსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ეს არის კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი. მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები, ვფიქრობ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. გადავიწყვეთ კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე", — აღნიშნა პრემიერმა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები